
დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისგან დაკომპლექტებული საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა, თუმცა ოპოზიცია შეხვედრას არ დაესწრო. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მოთხოვნა უცვლელია – გიორგი რურუას გათავისუფლება.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი – გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა პროცესში, განხილვებში, მათ შორის საპარლამენტო განხილვებში, ასევე მივცემთ ხმას კენჭისყრისას.
სანამ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება, ჩვენ საკონსტიტიციო პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას.
თუკი ჩვენს გარეშე, ანუ 30- მდე ოპოზიციური პარტიის გარეშე იქნება მიღებული საკონსტუტუციო ცვლილებები, ესეც შექმნის სერიოზულ პრობლემას.
ეს არ იქნება კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები, არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად არჩევნების შედეგები, ამიტომ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გონივრულ ნაბიჯს და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად”- განაცხადა გოცირიძემ.
დაგეგმილია ორი საყოველთაო სახალხო განხილვა. პირველი 4 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც საკონსტიტუციო კომისიის სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.
კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს ბიუროს სხდომაზეც, შემდეგ კი საპროცედურო კომიტეტზე.
ამ პროცედურების შემდეგ კი სავარაუდოდ, 21 ივნისს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის პირველი მოსმენა შედგება.
სამი მოსმენით კანონპროექტის მიღება კი პარლამენტს უკვე 29 ივნისისთვის შეეძლება.























