
„ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხელფასიდან მინიმუმ ერთი მესამედი მოვიკლოთ და ფონდში შევიტანოთ, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იქნება, როდესაც ამ მოწოდებას სხვებიც შეუერთდებიან – საბოლოო ჯამში, რამდენიმე ათასი ადამიანი და ეს აისახება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტს.
მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები.
„ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი, გარდა იმისა, რომ შესაბამის ფონდში იქნება გარკვეული მატერიალური შენატანი, არის ძალიან პოზიტიური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავთ – ამ მოწოდებას აყვნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები.
დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ და ამით მონაწილეობას მიიღებენ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ვითარების გამო, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მიიღებენ დახმარებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ფონდში სერიოზული შენატანები უკვე გააკეთეს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც დამატებითი ბიზნეს შემოსავლები აქვთ.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















