
ლევან რატიანის დედა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თავისი შვილის და ოჯახის განვლილ გზას იხსენებს.
მარინა გვასალია ამბობს, რომ მის ოჯახი სიმდიდრით გამორჩეული არასდროს ყოფილა და სტუდენტი შვილებისთვის თბილისში იაფასიანი ბინის ქირაობას ცდილობდა.
„რადგან წარჩინებული სტუდენტი იყო, პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა, 150 ლარს იღებდა. ჩვენი ოჯახი მატერიალურად სიმდიდრით გამორჩეული არასდროს ყოფილა. ორი შვილი სტუდენტი რომ მყავდა, დასაქირავებლად სულ იაფფასიან ბინას ვეძებდი.
ორი სტუდენტის თბილისში შენახვა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ორივენი იმდენად მოწესრიგებულები იყვნენ, არ მახსოვს, 20 თეთრიც კი უაზროდ დაეხარჯოთ. ყველა ნაბიჯს გააზრებულად და მიზანმიმართულად დგამდნენ“, – იხსენებს მარინა გვასალია.
ლევან რატიანის დედა შვილის წარმატებაზეც საუბრობს.
„ძალიან მონდომებული იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სიყოჩაღით, შრომის სიყვარულითა და დისციპლინით შეაყვარა თავი. მისი დეკანი არაჩვეულებრივი პიროვნება თემურ პეტრიაშვილი გახლდათ.
როცა ლევანმა სადოქტორო დაიცვა, მაშინ ბატონმა თემურმა თქვა, ლევანი ისეთი სტუდენტი იყო, რამე რომ გამიჭირდეს, მასთან არაფრის შემეშინდება, საკუთარ სიცოცხლეს ვანდობო.
ლევანისთვის ჩემი და სხვისი არ არსებობს, მისთვის ყველა მისიანია. ხასიათი აქვს ასეთი, ყველა ადამიანი უყვარს, კეთილია“, – ამბობს მარინა გვასალია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.






















