
დასავლეთის ქვეყნების ქმედებები შავ ზღვაში საზღვრებს სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
„რაც შეეხება შავ ზღვას, ეს უკანასკნელი სცილდება გარკვეულ საზღვრებს: სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრის მანძილზე, ცნობილია, რომ ისინი ძალიან სერიოზულ იარაღს ატარებენ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა საგარეო საქმეთა გაფართოებულ შეხვედრაზე.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთის ქვეყნების ქმედებები, რომლებიც ამძაფრებს სიტუაციას, მიმდინარეობს არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს მდებარე სხვა რეგიონებშიც.
„დიახ, ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამის შესახებ, ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან თავისებურები არიან და, რბილად რომ ვთქვათ, ისინი ძალიან ზედაპირულად ექცევიან ჩვენს გაფრთხილებებსა და საუბარს წითელ ხაზებზე “, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, როგორ გაფართოვდა ნატო აღმოსავლეთით.
„მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები რუსეთსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებს შორის, უბრალოდ უნიკალური იყო, ჩვენი შეშფოთება და გაფრთხილება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ სრულიად იგნორირებული იყო. რუსეთის ფედერაცია ადეკვატურად უპასუხებს ნატოს სამხედრო აქტივობას მის საზღვრებთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.






















