
ტელეწამყვანმა, ეკა ხოფერიამ „ტვ პირველის“ ეთერში ის ისტორია გაიხსენა, რომელიც ეპიდემიის გავრცელების კვალდაკვალ, მისი შვილის ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნებას და თვითიზოლაციაში გადასვლას უძღოდა წინ.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ვირუსმა ბარსელონაშიც შეაღწია, იყო სრული ქაოსი, ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა რეისები, არ იცოდა რა უნდა ემოქმედა, თუკი ანანოს ესპანეთში დარჩენა მოუწევდა.
„ყველა სტუდენტის მშობლის ისტორია ალბათ მეტნაკლებად ჰგავს ერთმანეთს. არ ვიცი ეს წინათგრძნობა იყო თუ ჟურნალისტური გამოცდილება, როგორც კი დაიწყო ვურჩევდით, რომ წამოსულიყვნენ. სტუდენტები ამბობდნენ, აქ არაფერი არ არის. ანანოს შემთხვევაში ეს იყო ესპანეთი, შემდეგ უკლებლივ ყველას უთხრეს, რომ 24 საათის განმვალობაში, დაეტოვებინათ უნივერსიტეტი. შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო.. დაიწყო ქაოსი. ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა რეისები. ეს იყო რასაკვირველია ძალიან მძიმე, ვერ ვხვდებოდი რა მოხდებოდა თუ იქ დავტოვებდი. ესპანეთი უკვე შესული იყო რისკის ზონაში, ჩვენ მზად ვიყავით კარანტინისთვისაც, ანანოც მზად იყო. პირველი ეტაპი იყო, რომ გადმოფრენილიყო ბარსელონადან მიუნხენში, რადგან ბარსელონაში სიტუაცია იძაბებოდა.
მას შემდეგ რაც ანანო ჩამოვიდა, გადავიდა თვითიზოლაციაში დავწერე სტატუსი, ხომ იცით, აი რომ მორჩება ყველა პრობლემა, რომ მოეშვები, ყელში ბურთი, რომ გეჩხირება არა ხოლოდ შენი შვილის გამო, ყველას გამო, რომ ეს გადალახე, ეს შეძელი..“, – ამბობს ეკა ხოფერია.






















