
პაციენტი გადის ელექტროშოკურ თერაპიას მოსკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში
საბჭოთა კავშირში, პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენებოდა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა, რომელსა საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ მშვიდობიანი საშუალებებით წინააღმდეგობის გაწევის მცდელობასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
1950-იანი წლიდან, ხრუშჩოვის მიერ გატარებული შერბილების პოლიტიკის შემდეგ სტალინის ეპოქის რეპრესიების მასშტაბი შემცირდა და ფორმები შეიცვალა, თუმცა ნელ-ნელა საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა რეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა – იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს ინფორმაციას კომუნისტი მოღვაწის, პეტრე მეუნარგიას საქმეზე, რომლის მიმართ რეპრესიული ფსიქიატრიის პრაქტიკა გამოიყენეს 1950-იან წლებში.
წყაროებში, რომელიც საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის პოლიტიკას აღწერს, წერია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა დასჯის სასტიკი მეთოდები:
სულფოზინის ინექციები, ინსულინოკომატოზური თერაპია, გამუდმებული და მრავალწლიანი თერაპია ნეიროლეპტიკებით – რათა პაციენტები „განეკურნათ“ ანტისაბჭოთა შეხედულებებისგან.
ტუსაღებს ხშირად სცემდნენ სანიტრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც ირჩეოდა ჩვეულებრივი ციხის კონტინგენტისგან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით სამუშაოდ.
დაუმორჩილებლებს ახვევდნენ სველ ზეწარში, რომელიც გაშრობის შემდეგ ვიწროვდებოდა და აუტანელ ტკივილებს იწვევდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი პოლიტპატიმარი წერდა საკუთარ მოგონებებში ამ და სხვა სასტიკი მეთოდების შესახებ, მათ უმეტესობას ფსიქიკა სამუდამოდ შეერყა.
სხვადასხვა დროს, პეტრე მეუნარგია იყო რაისაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი, რესპუბლიკის წითელი ჯვრის თავმჯდომარის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
1956 წლის 5-9 მარტს იგი მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მანიფესტაციაში, პირადად შეადგინა 9 ანტისაბჭოთა ბიულეტენი, რომელსაც ავრცელებდა წარწერით – „განთავისუფლების კომიტეტი“. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე (მაქსიმე) პავლეს-ძე მეუნარგიას 1956 წლის 12 ივლისს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
პეტრე მეუნარგია გადაასახლეს რუსეთში, მორდვეთის (Мордовия) ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ იავასში მდებარე შრომა-გასწორებით ბანაკ „დუბრავლაგში“. მას იქაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი აქტიურობა და მისი ინიციატივით დაარსდა არალეგალური ორგანიზაცია – „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი“. ამ კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა „მომავალი საქართველოს მოწყობის წესდება“.
1957 წლის 5 თებერვალს საფუძველზე, მორდვეთის ასსრ უშიშროების კომიტეტმა მიიღო აგენტურული ინფორმაცია მსჯავრდებული მეუნარგიას, მ. ყიფიანის, ი. კუხიანიძის და იუ. ბიბილეიშვილის შესახებ და 1957 წლის 6 მარტს განხორციელდა მათი ჩხრეკა. მეუნარგია და ყიფიანი თბილისში ჩამოიყვანეს კონვოის თანხლებით.

1957 წლის 28 მაისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, პეტრე მეუნარგიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და 1 თვის თავზე, ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1958 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მეუნარგიას საქმის სხვა მსჯავრდებულებს მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ისინი კვლავ „დუბრავლაგში“ დააბრუნეს.
შეურაცხადად ცნობილი მეუნარგია ჯერ დააბრუნეს ბანაკში, ხოლო ბანაკიდან გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის მიზნით.
1958 წლის 25 დეკემბრიდან – 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით ის იმყოფებოდა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში, ქალაქ ყაზანში.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1959 წლის 18 აპრილს მეუნარგიას გაუუქმდა იძულებითი მკურნალობა და იმავე წლის 10 მაისს იგი გაათავისუფლეს. პეტრე მეუნარგია დაბრუნდა თბილისში, სადაც 1972 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.























