
დავით სოკოლოვი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს. „ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა… ტელელეგენდა, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა“,- დაწერა ჟურნალისტმა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.
ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.
ცნობილ ტელეწამყვანს, საქართველოს პირველმა არხმა თებერვალში ვარსკვლავი გაუხსნა. ვარსკვლავის გახსნას თავად დავით სოკოლოვიც დაესწრო.
„ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. რომ ასეთი თავშეყრა ყოფილიყოს მარტო ჩემთვის კი არა, არა, მე სულ არ მაინტერესებს ეს, მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი გამოხედვა.
მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი სიტყვიერი დამოკიდებულება ჩემდამი. მე მაინტერესებს იმის გახსენება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რისთვისაც ვაკეთებდით და როგორც ვაკეთებდით. ღმერთო, მამაზეციერო“, – განაცხადა დავით სოკოლოვმა.






















