19:21 | 2020-03-31 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დავით ზალკალიანი-რამდენიმე საათში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში

დავით ზალკალიანი-რამდენიმე საათში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში

31 მარტს, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ განხორციელებული რეისით სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც 23 მარტის შემდგომ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით.

 

ასევე, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით ბრუნდებიან სამშობლოში.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

 

საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X