
ბათუმში მომღერლებმა კონცერტების ჩატარება დაიწყეს. კონცერტი ხმამაღალი ნათქვამია იმასთან შედარებით, რასაც ან ლელა წურწუმია ან ნანი ბრეგვაძე ჩვეულებრივ ატარებენ ხოლმე. იმ პატარ-პატარა გამონათებებით, რაც პოსტპანდემიურ ზაფხულში, მთავარ ზღვისპირა ქალაქში, საღამოების ჩატარებით დაიწყეს, მომღერლებს იმედის სხივი ჩაესახათ.
ზღვისპირა ღამის კლუბ, “სოჰო ლაუნჯში” წლევანდელი სეზონი, არსებული პოსტპანდემიური რეგულაციების გამო, გვიან გაიხსნა. სეზონი ლელა წურწუმიას და “ნონ სტოპის” კონცერტით გაიხსნა. ეს ლელას რიგით მეორე კონცერტია პანდემიის შემდეგ. ალბათ, გახსოვთ მომღერლის ქმრისა და პროდიუსერის, კახა მამულაშვილის აქტიურობა სოციალურ ქსელში, რომელიც რეგულაციების შემსუბუქების და მომღერლებისთვის კონცერტების ჩატარების საშუალების მიცემას ითხოვდა. მოგვიანებით მუსიკალურმა პროდიუსერმა ლელას, “ნონ-სტოპისა” და მაკა ზამბახიძის კონცერტების სია გაწერა.
ლელამ ივნისში საღამო მცხეთაში ჩაატარა, როგორც “მამულიჩა” “პრაიმტაიმთან” აცხადებს, დასატესტად.
25 ივლისის ღამით კი, ბათუმური წვიმის თქეშს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ლელას კონცერტს მაყურებელი ჰყოლოდა. “ჰოლი-მოლისთან” ერთად ლელამ ახალი, განსხვავებული ჟღერადობის სიმღერა – “წვიმიან დღეს” შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
დივას კონცერტს მონატრებულ მაყურებლებს შორის სხვადასხვა ასაკის მსმენელს შენიშნავდით, ძირითადად, ახალგაზრდებს. ლელა მუდმივად ცდილობს ახალი თაობისთვისაც აქტუალური და საინტერესო იყოს. ამის დასტურია ეს ახალი სიმღერაც.
კახა მამულაშვილი: – “ღამის იჩუმე გავფანტეთ”, წვიმდა, მაგრამ მალევე გადავყარეთ ღრუბელი. სეზონი ოფიციალურად გავხსენით. პირველი კონცერტი მცხეთაში ჩავატარეთ. დავტესტეთ და მივხვდით, რომ უნდა “შეგვებერა.”
ობიექტები, რესტორნები, მაქსიმალურად ცდილობენ რეგულაციების დაცვას. დისტანციის დაცვა რამდენად გამოდის, არ ვიცი, მაგრამ თერმო სკრინინგი ტარდება. ბევრი მსურველი შეზღუდვის გამო არ შემოუშვეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მსმენელი. მთავარია შევინარჩუნოთ ის, ვინც გვყავს და მაქსიმალურად მოვიზიდოთ ახალი. რეპერტუარს სპეციალურად ვარჩევთ ამისთვის. რემიქსები და ახალი სიმღერა “წვიმიან დღეს” ამის დასტურია.
– გადაჭედილ დარბაზებს რომ ხართ მიჩვეული, ახლა რამდენი მსმენელი დაესწრო საღამოს?
– მაყურებელი არ გვაკლია. ამ პირობებში მაქსიმუმი რაც იყო, ის მაქსიმუმი დაესწრო კონცერტს. მოკლედ, დავიწყეთ და იმედია, შემოდგომაზე არ მიგვკეტავენ.
შემდეგ კონცერტზე რომ ჩამოვალთ, სიმღერა “ციცინათელებზე” კლიპის გადაღებას ვაპირებთ. ვიდეორგოლს ნესტან სინჯიკაშვილი გადაიღებს. კლიპი ლელას იუთუბარხზე დაიდება.
25 ივლისს სასტუმრო “მერიდიენში” ჰქონდა კონცერტი ნანი ბრეგვაძეს შვილთან და შვილიშვილთან ერთად. სცენის უბერებელ დივას ნაცნობ სიმღერებზე აკომპანიმენტს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უწევდა. მოწვეული სტუმარი იყო სტეფანე მღებრიშვილი.

როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობს, არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, რომელსაც 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.
სტეფანე მღებრიშვილი: – ემოციურად დატვირთული საღამო იყო. ეს ხომ ჩემი კონცერტი არ იყო და სხვის კონცერტზე თამამად ვამბობ, რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. ეს საღამო ნანი ბრეგვაძის გარშემო იყო, ყველას ერთნაირი რეაქცია აქვს. ძალიან უყვართ, ნამდვილი დედოფალია. ჩვენ კი შევასრულეთ დუეტი, რომელიც საზოგადოებამ კარგად მიიღო. “ისევ წვიმს” თბილად მიიღეს, ენერგიით პოზიტიურად ვარ დამუხტული. არ ვაზვიადებ, რაღაცნაირი საღამო იყო.
საღამო “მერიდიენის” სასტუმროს დარბაზში წესების დაცვით მოეწყო. კონდიციონერი არ იყო ჩართული, ორპირი ჰქონდათ გაკეთებული. 90-დან 100 კაცამდე იყო დარბაზში.
– შენთვის ამგვარად ახალ რეალობაში სიმღერა როგორია?
– უცნაურიც და სასიამოვნოც, რომ სცენაზე გამოსვლის საშუალება გვეძლევა. არტისტი სხვანაირად ვერ იარსებებ. ამ წუთას ჩვენი პროფესია ჩიხშია. კარგია, რომ ასეთი გამონათებები გვაქვს. მე მგონი, მთელ მსოფლიოშია დაწყებული ამგვარი გამონათებები…






















