
მას შემდეგ, რაც იანვრის თვეში ალბერტ კონერმა გაიგო, რომ მის ცოლს, კელი კონორს, მკერდის კიბო ჰქონდა, მას არცერთი გამოკვლევა, ექიმთან ვიზიტი, ქიმიოთერაპიის კურსი არ გამოუტოვებია. ალბერტი ცოლს ყველგან დაყვებოდა.
როდესაც კონერმმა შეიტყო, რომ კორონავრისუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ის ცოლს საავადმყოფოში ვეღარ წაყვებოდა, მის გასამხნევებლად სხვა რამ მოიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
კონერი ტეხასში, შუგარ-ლენდის ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის წინ დაჯდა და ბანერი აღმართა.
ბანერზე შემდეგი წარწერები იყო :
„შენს გვერდით ყოფნა არ შემიძლია, მაგრამ აქ ვარ. მე შენ მიყვარხარ“
„მადლობა სამედიცინო პერსონალს“.
„თავი ცუდად ვიგრძენი, როცა საავადმყოფოში წაყოლა ვერ შევძელი. მე მას დავპირდი, რომ ყოველ წამს მის გვერდით ვიქნებოდი.
უცბად თავი ისე ვიგრძენი თითქოს ჩემს სიტყვას ვუღალატე. შემდეგ გავაკეთე ბანერი და ის მე და ჩემმა შვილებმა გავაფერადეთ“,- უთხრა ალბერტმა „Good Morning America“-ს.
კელი ფიქრობდა, რომ მეუღლე მას სახლში ელოდებოდა. მან ალბერტს უთხრა, რომ საავადმყოფოში მარტო წავიდოდა.
შემდეგ კი მოულოდნელად მობილურზე მეუღლისგან შეტყობინება მიიღო.
„როგორც კი მომწერა, ეგრევე გადავიხედე და რას ვხედავ – ქვემოთ მელოდება. თვალები ცრემლებით ამევსო, მის მიმართ დიდი სიყვარული ვიგრძენი.
როცა ექიმი შემოვიდა, ჩემი ნამტირალევი სახის დანახვაზე მკითხა რა მჭირდა. შემდეგ კი, როცა ფანფრიდან გადაიხედა, ისიც ატირდა, “,- ამბობს კელი.
No visitors allowed for Chemo due to the virus but that didn’t stop Albert L. Conner! Thank you for all your continued love and support.
Gepostet von Kelly Harrell Conner am Montag, 30. März 2020
ალბერტ კონორმა ექიმების ყურადღება მიიპყრო. ბევრი მათგანი გარეთ სპეციალურად იმისთვის გამოდიოდა, რომ მისთვის მადლობა გადაეხადა.
„ზოგიერთმა მათგანმა მითხრა – შენნაირები არიან იმის მიზეზი, რომ ჩვენს სამსახურში მოვდივართ.
ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი ამდენი ყურადღებისგან, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო“,- ამბობს ალბერტი.
ალბერტის თქმით, დიდი ზომის ბანერი იმაში დასარწმუნებლად შექმნა, რომ ავტოსადგომის რომელ ნაწილშიც უნდა მდგარიყო, ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებდა სიტყვების გარჩევას.
იღბლიანი შემთხვევის წყალობით ალბერტმა მანქანა ზუსტად იმ ადგილას გააჩერა, რომლის პირდაპირაც, რამდენიმე სართულით მაღლა კელი კონერი იმყოფებოდა.

კელის ქიმიოთერაპიის სეანსები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მას ოპერაცია და დასხივების კურსი ჩაუტარდება.
ამის მერე იგი ახალ ქიმიოთერაპიულ კურსს ჩაიტარებს, რომელიც უფრო შემტევია და, შესაბამისად, თითოეული სეანსიც გახანგრძლივდება.
კონერებმა აღიარეს, რომ თავდაპირველად ისინი კი შეშფოთდნენ, თუმცა მალევე შეეგუენ საავადმყოფოს ახალ წესდებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მნახველებს დროებით ეკრძალებათ ვიზიტი.
„როდესაც ყველაფერს ღრმად უკვირდები და ფიქრს იწყებ ყველა ექთანზე, ექიმსა თუ სხვა პაციენტებზე, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური ხდება. ამას ვერ შეედავები. უბრალოდ, მხარი უნდა დაუჭირო ექიმების გადაწყვეტილებას“,- ამბობს ალბერტ კონერი.
იგი მომავალშიც აპირებს, სხვადასხვა გზა იპოვოს ცოლის მხარდასაჭერად.
ალბერტმა ნებაყოფლობით დაკეტა საკუთარი სახელოსნო, რათა ოჯახთან ერთად შინ დარჩენა შეძლოს და საფრთხე არ შეუქმნას იმუნიტეტდაქვეითებულ ცოლს, რომელიც სახლიდან მუშაობს.
ოჯახი იმედოვნებს, რომ როდესაც კელი კონერი ქიმიოთერაპიის კურსს ჩაამთავრებს, ისინი მის გვერდით იქნებიან.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე ვერ იქნება, ალბერტ კონერი მაინც იდგება საავადმყოფოს ეზოში.
„ეს კორონავირუსის პანდემია ხალხს შთააგონებს, ახალ კრეატიულ მეთოდებს მიმართონ იმისათვის, რომ ოჯახისადმი სიყვარულისა და მხარდაჭრის გამოხატვა გააგრძელონ“,- ამბობს კელი კონერი.






















