
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა და მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული.
მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა – ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10% მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი.
ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით – 6 ადამიანი.
6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, კვლევაში თბილისის მოსახლეობა მონაწილეობდა. კვლევა სწრაფი ტესტებით ჩატარდა და 6 მონაწილეს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოუჩნდა.
26 მაისს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ შეცდომით განაცხადა, რომ ანტისხეულები 1 000 გამოკვლეული ადამიანიდან 6%-ს ჰქონდა.























