00:08 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

„დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება” – ვის მკურნალობენ კოვიდ-სასტუმროში

„დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება” – ვის მკურნალობენ კოვიდ-სასტუმროში

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებული 41 წლის ქალი კოვიდ-სასტუმროში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ორგანიზმში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. სწორედ, ამიტომ კოვიდ-სასტუმროში პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კი, თრომბოემბოლია დასახელდა.

 

„პაციენტს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და კოვიდ-სასტუმროში იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა,“ – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ხომ არ წარმოადგენს რისკს კოვიდ-სასტუმროში მკურნალობა ინფიცირებული პაციენტებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია დროული დახმარების აღმოჩენა.

 

ჩვენ ამ და სხვა კითხვებით, ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს მივმართეთ, რომლის თქმითაც, აუცილებელია უსიმპტომო პაციენტები კოვიდსასტუმროში მკურნალობდნენ.

 

მსუბუქი პაციენტები კოვიდ-სასტუმროში უნდა რჩებოდნენ. საავადმყოფოში არ უნდა წვებოდნენ. ასეთ შემთხვევაში გადაიტვირთება და ვისაც მართლა სჭირდება, ისინი გარეთ დაგვრჩებიან

 

კოვიდ-სასტუმროს მიზანია, უფრო იზოლაცია, ვიდრე მკურნალობა. აქ საუბარია, რომ იმ ადამიანებს ვისაც ბინაზე ადეკვატური პირობები არ აქვთ და ეშინიათ, რომ ვირუსს სხვას გადასდებს ისინი იზოლირებულები იყვნენ. ეს არის მთავარი მიზანი. შესაბამისად, ერთი შემთხვევა, რაც მოხდა, სამწუხაროდ, გამონაკლისია… ახალგაზრდა ასაკში ასეთი ტიპის გართულებები, როგორც წესი მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან აშინებს ადამიანებს. ეს ფაქტი ბოლომდე უნდა გამოიკვლიონ, თუ სინამდვილეში რა მოხდა. მაგრამ არსებობს ამის გართულებული შემთხვევები. თუნდაც ჯანმრთელ ადამიანებშიც კი.

 

პანიკამ არ უნდა მოგვიცვას. ამის გამო, ყველა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტს არ უნდა მოუნდეს, რომ აუცილებლად სტაციონარში მოხვდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალიან გამონაკლისი შემთხვევა იყო და იმედია აღარ გამეორდება. მსუბუქი პაციენტები უნდა რჩებოდნენ კოვიდ-სასტუმროში. საავადმყოფოში არ უნდა წვებოდნენ. ასეთ შემთხვევაში გადაიტვირთება და ვისაც მართლა სჭირდება, ისინი გარეთ დაგვრჩებიან,“- აცხადებს მაია ბუწაშვილი.

 

ჯანდაცვის სამინისტრო – 41 წლის ქალის გარდაცვალებას კლინიკური აუდიტის ჯგუფი შეისწავლის

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა, 41 წლის ქალის გარდაცვალებას კლინიკური აუდიტის ჯგუფი შეისწავლის და კონკრეტული პასუხი გვეცოდინება, რა და რატომ მოხდა.

 

„41 წლის ქალი მძიმე პაციენტი რომ ყოფილიყო, ის, რა თქმა უნდა, სასტუმროში ვერ დარჩებოდა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ის იყო უსიმპტომო პაციენტი, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა არანაირი პრობლემა. თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, ეს შესწავლილი იქნება…

 

ყველა კოვიდსასტუმრო აღჭურვილია ექიმ-ექთნის ბრიგადებით, რომლებიც პაციენტების რაოდენობის შესაბამისად არიან გადანაწილებულნი. სასტუმროები ასევე აღჭურვილია პულსოქსიმეტრებით, წნევის აპარატებით, თერმომეტრებით და სხვა პირველადი მოხმარების საშუალებებით, რაც შეიძლება დასჭირდეთ პაციენტებს,“- აცხადებს ადამია.

 

როგორ და რატომ ხვდება პაციენტი კოვიდსასტუმროში

 

კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ, რომელთა ასაკიც 15-დან 65-წლამდე უნდა იყოს.

 

ოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმის“ თანახმად, კოვიდსასტუმროში ვერ გადავა პაციენტი, თუკი მას აქვს ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვა.

 

ასევე, საკარანტინო სივრცეში, 20 პაციენტზე ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი იმუშავებს. პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

 

„დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება”

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე„დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“.

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ – „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება”. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში”.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე„მათ, ვინც გადადიან საკარანტინო სივრცეში დაავადების მართვისთვის, მკურნალობა არ სჭირდებათ. ძირითადად სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა. იქ არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც სწრაფად მოახდენს მათ გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მაგრამ იქ გადადის ადამიანების ისეთი კატეგორია“.

 

რჩევები კოვიდსასტუმროში ინფიცირებულებისთვის

 


უცხოური მედია გამოცემა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც ბრიტანული გაიდლაინის მიხედვით არის შემუშავებული.

 

უპირველეს ყოვლისა, ვირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, ამისთვის დარეკეთ 112-ში.

 

არის შემთხვევები, როცა სახლის პირობებში საშუალო ან მსუბუქი ფორმის ინფიცირებულებს უწევთ მკურნალობა.

 

  • ბრიტანეთის გაიდლაინის ზოგადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

 

  • იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან;

 

  • იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული;

 

  • გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები;

 

  • ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;

 

  • მიიღეთ სითხეები, უმჯობესია წყალი, ორგანიზმის დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად;

 

  • შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზიკური აქტივობა;

 

  • ხშირად დაისვენეთ;

 

  • ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით.

 

აკრძალვები:

 

  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად;

 

  • არ მიიღოთ ანტიკოაგულანტი საშუალებები (სისხლის გამათხელებლები) ექიმთან შეთანხმების გარეშე;

 

  • არ გამოიყენოთ გამაგრილებელი ტექნიკა.

 

რაც შეეხება, დღევანდელ მონაცემებს, ქვეყანაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა, 328 კი, გამოჯანმრთელდა.

 

მიუხედვად გართულებული ეპიდსიტუაციისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს“.

 

⭕Live: კომენტარები საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ

⭕Live: კომენტარები საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ

Posted by Prime Time on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020

 

ავტორი:თათია ცუკოშვილი

ავტორი: Prime Time

X