
აფხაზეთში სახალხო კრების დახურულ სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა.
ასლან ბჟანიამ „არუაას“ წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ თანამშრომლობისთვის და შემდგომ აფხაზეთის აღიარებისთვის მზად ყოფნას აცხადებს.
ბჟანიამ შეხვედრაზე მისი და მისი გუნდის „შეცდომა“ უწოდა ქართველი დეპუტატების ვიზიტს აფხაზეთში. ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემის შესახებ კი მან, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები – ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ. ინაშვილმა ვიზიტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
„2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ”, – დაწერა ინაშვილმა.
რამდენიმე დღის შემდეგ ე.წ აფხაზურმა ეკლესიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ისინი ხატს არ იღებენ და ქართული მხარისთვის მის უკან დაბრუნებას აპირებენ.






















