
“დღეს ამაღლდა ჩემი დედიკო” – სოციალურ ქსელში დაწერა თიკა მახალდიანმა. მომღერლის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა.
აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში თამარ ანთელავა 600 მეტრში მდგომი კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
შემზარავი ინცინდენტის მსხვერპლი, რომელსაც ტყვია კეფაში მოხვდა, 82 წლის დედის თვალწინ, ადგილზე გარდაიცვალა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, სოსო გაბრიაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
50 წლის თამარ ანთელავას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილი ესაუბრა… მომღერალს შვილის გაზრდაში დედა ეხმარებოდა და ყველაზე მეტად, რასაც თიკა განიცდის, ეს მისი 2 წლის კირას დაბნეულობაა, რომელიც უსაყვარლეს ბებიას ეძებს და სევდიანია.
თამარის გარდაცვალების შემდეგ მახალდიანების ოჯახის ნუგეშისმცემელი მამა შალვა კეკელია აღმოჩნდა, რომელიც ოჯახს, მკვლელობის მეორე დღეს, პატრიარქმა გაუგზავნა და მას შემდეგ ეს სასულიერო პირი, როგორც თიკა “პრაიმტაიმს” უყვება, ოჯახის მოძღვრად იქცა.
თიკა მახალდიანი: – დღემდე დაუჯერებელია ეს ტრაგედია ჩემთვის, რეალობას ისევ ამცდარი ვარ. 24 საათი დედაზე ვფიქრობ. ყველაზე მეტად, რაც მანუგეშებს არის ის ფაქტი, რომ დედა აღდგომას წავიდა იმ ქვეყნად და თან არა საკუთარი სიკვდილით. 40-იც ამაღლებას ჰქონდა.
პატრიარქმა მამა შალვა და მამა საბა გამოგვიგზავნა მკვლელობის მეორე დღეს და ისინი მას შემდეგ არ მოგვშორებიან. მთელი ოჯახი ამ ფაქტმა და მოძღვრებმა უფლისკენ შემოგვატრიალა.
სულ სხვა ცხოვრება დავიწყეთ. მამა შალვა მართლა ღმერთმა გამოგვიგზავნა. იმდენად მამშვიდებს მისი საუბარი, რომ სულ მინდა, რომ მელაპარაკოს. საოცარი ადამიანია, მისგან დიდი სიძლიერე მოდის. ჩემი ძმაც შეიცვალა, რწმენაში ჩავარდა, მონასტერში იყო. ეს მამა შალვას დამსახურებაა. პატრიარქმა იცოდა, რომ ასე იქნებოდა და სწორი ადამიანი გამოგვიგზავნა.
ყველას ძალიან გვიმძიმს ამ ტრაგედიის გადატანა. ბებია, რომლის წინაც დაიღუპა დედაჩემი, რაღაცნაირად ძლიერადაა. 82 წლისაა, ორჯერ ინსულტი აქვს გადატანილი, ვერ დადის, მაგრამ გუშინ, შეძლო და წამოვიდა შვილის საფლავზე.
ჩემი შვილი სულ ეძებს… ცოტა ხნით იტალიაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და კირა დედაჩემთან დავტოვე. რომ ჩამოვედი, ბავშვი დედაჩემს უკვე დედას ეძახდა. ეს მიხაროდა. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ კირა ბებიას ახსენებს… მეც ვცდილობ, არ დაავიწყდეს.
დედა დამესიზმრა, რამდენჯერმე. მაგრამ შეგრძნების დონეზე მახსოვს სიზმარი. ერთხელ ვნახე, თითქოს დაბადების დღე ჰქონდა, იცინოდა, კარგ განწყობაზე იყო… მიმძიმს საუბარი… მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება.

























