
დედა თინათინ ჩხვიმიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით ბერი ანდრიას ფონდის პირველი განკურნებული შვილობილის ფოტო გამოაქვეყნა – “დედა, გილოცავ იუბილეს”.
ბექა ბარამია ბერ ანდრიას არ იცნობდა. ბერის სახელობის ფონდში, სამკურნალოდ, მისი გარდაცვალების შემდეგ მივიდა .
დედა თინათინ ჩხვიმიანი: – ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ 40 დღე მონასტერში ვიყავი და თბილისში რომ დავბრუნდი, ბექა დამხვდა სამკურნალოდ მოსული. მაშინ მეთერთმეტე კლასში იყო. ჩემი ერთ-ერთი პირველი შვილობილია, რომელმაც სოლიდური სიმსივნე დაამარცხა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარული იყო. ახლა სულ ჩემს გვერდშია. სხვა ბავშვებთან დახმარება. დაუზარელია, ყოველთვის გვერდში მიდგას. მუშაობს, სწავლობს…
28 ივლისს ბერი ანდრიას გარდაცვალების და ფონდის დაარსების დღეა. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი წელს ათი წლის ხდება. როგორც დედა თინათინ ჩხვიმიანი ამბობს, ბევრს უკვირს, როგორ ხვდება და აღნიშნავს ბერის დედა ამ დღეს.
დედა თინათინ ჩხვიმიანი: – დილაობით წირვაზე და ბერი ანდრიას საფლავზე გავდივართ, საღამოს წვეულებას ვაწყობ და ფონდის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ხან მომღერლებს ვეძებ, ხან რას და ბევრმა არ იცოდა, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეც რომ იყო ამ დღეს.
ადამიანის გარდაცვალების დღე უფალთან დაბადების დღეა. ითვლება, რომ ბერი ანდრიას უფალთან დაბადების დღე 28 ივლისია.
მერე ერთ-ერთ 28 ივლისს ვიღაცამ აღნიშნა, დღეს ბერი ანდრიას გარდაცვალების დღეაო და ადამიანებს გაუკვირდათ, რომ მე ამ დღეს წვეულებას ვაწყობ. ადამიანების გაოცებული სახეები რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ ის, რაც მე ნორმალური მგონია, სხვა ასე არ ფიქრობს.






















