
“დედა, შენ რომ “სთორიში” ხარ, ძაან ვგიჟდები”, – ეუბნება დედას სამი წლის ანდრო შელია. ანდრო პიანისტისა და გადაცემა “სთორის” ავტორისა და წამყვანის, თათია შარანგიას ნაბოლარა ვაჟია, რომელმაც გასული წლის აგვისტოში დედას წარმოუდგენელი სტრესი მიაყენა.
“ანდრო აუზში კამერის გარეშე ჩავარდა. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი… დეტალებს ვერ მოვყვები… რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ “ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა”…
მადლობა ლუკა მურვანიძეს, რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით, თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი… ის, რომ არა, მე ვხედავდი რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს მეც და სანდროც. ალბათ, ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ, რომ ის ჩემს გვერდით არის და რაც მთავარია ჯანმრთელი…” – წერდა თათია.






















