10:35 | 2021-01-26 ავტორი: Prime Time

დედამ ის მორგში იპოვა… 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის… – სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის მძიმე ამბავი

დედამ ის მორგში იპოვა… 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის… – სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის მძიმე ამბავი

.. არსებობს სიკეთეები, პატარა, კეთილი საქმეები, რომელიც ზღვა ემოციას გიტოვებს, კოვიდ-პანდემიის პირბადიან კოშმარებსაც გავიწყებს, მეგობრობის დიდ ჯაჭვს ქმნის და ადამიანებს გულწრფელი ემოციებით აერთიანებს… ასეთი სიკეთის ერთი წვეთი ვიყავი დილით, გამოუძინებელი, უჟმური სახით, მაგრამ ბედნიერი…

 

… არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გაგაოცონ უცხო ადამიანის მიმართ გულწრფელი სიკეთით და ამას სრულიად ბუნებრივად აკეთებენ… – ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა მეგობარმა სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ამ ემოციის მთავარ გმირებს მიზეზთა გამო ვერ ასახელებდა.

 

სამაგიეროდ მე გავბედე და გადავწყვიტე დღის სინათლეზე, საჯაროდ მეთქვა ჩემი მეგობრისა და მთავრი გმირისთვის მადლობა, რომელმაც მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმის აფიშირება არ ისურვა და ჩრდილში ყოფნა ამჯობინა.

 

მონათხრობმა იმდენად იმოქმედა, გადავწყვიტე ეს ახალგაზრდა „ვამხილო“

 

დიახ, სიკეთე და ქველმოქმედება საჯარო სელფების ფონზე კარგავს იმ მადლს, რასაც ჩვენ მადლიერებას ვეძახით.

 

და მაინც, რა არის მადლიერება?

 

თითქოს ეს პრიმიტიულად ჟღერს, თუმცა, ამ შეგრძნებას ძალიან პოზიტიური ეფექტი აქვს ადამიანზე.

 

წარმოიდგინეთ თქვენს მიერ ნაჩუქარ სიხარულს რომ ხედავთ სხვის თვალებში, სხვის სახეზე, ეს ხომ გათბობთ, გამდიდრებთ და თქვენთვის ამბობთ, რა ბედნიერებაა…

 

ამბავი „პრაიმტაიმის“ გმირის, აფხაზეთში მებრძოლი ბიჭის, ლევან ბლუიშვილის ოჯახში განვითარდა. ლევანის მძიმე ისტორიაზე არაერთი სტატია დაიწერა.

ირაკლი დავითიძე – მეხანძრე მაშველი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლის, მეხანძრე მაშველის ირაკლი დავითიძის დამსახურებით შევიტყვეთ, რომ ლევან​ს ისევ სჭირდება მადლიანი ადამიანების მხარდაჭერა და დახმარება.

 

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მაშველს, ლევანის ამბავი რომ გაუგია მეგობრისთვის უთხოვია მისამართი მჭირდებაო… პროდუქტებით დატვირთული მისულა უცნობ ოჯახში, (გაუფრთხილებია არავისთან არაფერი თქვათო)…

 

იქ ნანახი და ასჯერ წაკითხულის პირველი პირისგან მოსმენა, უფრო მძიმე აღმოჩნდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის ამბავი კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ იქნებ ლევანის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ისევ შეგროვდეს.

 

მორგში ნაპოვნი და სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის მძიმე ისტორია

 

 

მაშინ ლევან ბლუიშვილი 19 წლის ბიჭი იყო… აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა.

 

ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და მძიმედ დაიჭრა… თავდაპირველად მკვდარი ეგონათ და გაგრაში, მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს.

 

ბიჭებს ლევანის დედაც ახლდათ, შვილის „ცხედარი“ რომ ამოეცნო. გულმოკლულმა დედამ შვილის კისერზე სიცოცხლის ფეთქვა შენიშნა…

 

მძიმედ დაჭრილი სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოაფრინეს.

 

ლევან ბლუიშვილი:

 

– ომში „შავნაბადას“ ბატალიონის შემადგენლობაში წავედი… 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, კოლხიდაში, შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ  რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა.

 

ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ…

 

ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი – 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის – სნაიპერის ნასროლი.

 

როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, „აკაემის“ ავტომატიდან მთელი ჯერი გადამატარეს…

 

რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა… სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო…

 

გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც – რამდენიმე წუთით. ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება. ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა და მითხრა, უნდა იცოცხლოო და ვცოცხლობ“, – იხსენებს ვეტერანი.

 

ლევან ბლუაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ დაკარგა მარცხენა ხელი და დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელის თითები, ქვედა კიდურების დაზიანების გამო უჭირს გადაადგილებაც. უამრავი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მისი ბოლომდე რეაბილიტაცია ვერ მოხდა.

 

აფხაზეთის ომის ნაკლებად ცნობილ გმრის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა და რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

 

ვაქვეყნებთ ლევანის დედის, ზაირა ბლუიშვილის და ლევანის ტელეფონის ნომრებს:

 

598 47 45 19 – ლევანი

 

595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილი

 

ლიბერთი ბანკი:

GE25LB2100048045060422

TERABANK:

GE85KS0003601016345901

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ავტორი: Prime Time

X