
მათ ცხოვრებაში ბედნიერი პერიოდი მხოლოდ გაგრას უკავშირდება. მერე დაუსრულებელი დევნილობა დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაშინ, როცა იძულებით მოუხდათ საცხოვრებლის დატოვება, ბაჩო ხარბედია 4 წლის იყო. კადრებად ახსოვს სახლი და ბედნიერი ბავშვობა. სამაგიეროდ მეხსიერებიდან არ ამოსდის ჭუბერის უღელტეხილი და დიდი ტრაგედია, რომელიც ოჯახს სწორედ დევნილობის პირველ დღეებში დაატყდათ.
ბაჩოს და 7 თვის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. მშობლებმა შვილებთან ერთად, სიკვდილს თვალებში ჩახედეს. ომში სიკვდილს გადარჩნენ, მაგრამ ნამდვილი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ჭუბერის უღელტეხილს დაადგნენ. ბაჩოს და, ჯერ კიდევ თვეების გოგონა გზაში სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი შვილის უღელტეხილზე დამარხვა მშობლებს არც უფიქრიათ. მიცვალებული პლედში გაახვიეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მოასვენებდნენ, მარტვილში დაკრძალეს.
ბაჩოს მამა ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ერთი თვე ისიც არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მერე როცა ტყვეების გაცვლა დაიწყო, გაათავისუფლეს. უკან ჯანმრთელობა შერყეული დაბრუნდა. მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2012 წელს ოპერაცია გაუკეთეს და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. დღეს ბაჩო 33 წლისაა, ავადმყოფ ასაკოვან დედასთან ერთად მარტვილში, დევნილთა საცხოვრისი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს.
ხანდაზმულ ქალბატონს ფილტვების პრობლემა აქვს. სპაზმური ხველა ხშირად სუნთქვას უკრავს და რომ არა მისი შვილი, ალბათ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდა. არ აქვთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ამის გამო, ცხოვრება კიდევ უფრო უძნელდებათ. საოჯახო საქმეების კეთება ბაჩოს მხრებზე გადადის… მაცივარიც კი არ აქვთ და ამიტომ,საკვები რომ არ გაუფუჭდეთ, წყალში ინახავენ. ზამთარ-ზაფხულს ბაჩოს სარეცხის რეცხვა ხელით უწევს. დედა-შვილის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 100 ლარი და მოხუცის პენსიაა, რომელსაც სრულად წინასწარ გამოტანილი ვალის გამო, კიდევ რამდენიმე წელი ვერ აიღებენ.
„ფრაგმენტულად მახსოვს გაგრა, ეზო, აივანი და ჩემი სათამაშოები. შედარებით უკეთესად მახსოვს ომის პერიოდი და ჭუბერის უღელტეხილის დაუსრულებელი გზა. ჩვენთან ერთად ამ გზაზე უამრავი ადამიანი მოდიოდა. მშობლებს მე და ჩემი 7 თვის და მოვყავდით. ჩემი პატარა დაიკო ნაზი, სიცივისგან გაიყინა და დედას ხელებში ჩააკვდა… ეს ჯოჯოხეთი იყო. პლედში გადახვეული პატარა ცხედარი ჩემმა მშობლებმა რამდენიმე დღე ატარეს. მარტვილში დავკრძალეთ.
მანამდე სანამ გაგრას დავტოვებდით, მამა ტყვედ აიყვანეს. ერთი თვის განმავლობაში, მის შესახებ არაფერი ვიცოდით. მერე, როცა ტყვეების გაცვლა დაიწყო სახლში დაბრუნდა. საშინლად გამხდარი და დასუსტებული იყო. მას მერე სულ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2012 წლამდე იცოცხლა. მერე ნაწლავზე შეექმნა პრობლემა და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფილტვებზე ოპერაცია გაუკეთდა. სუნთქვის პრობლემაც აქვს. ჰაერის უკმარისობის გამო ხუთვები აწუხებს ხოლმე. ხშირად აქვს სპაზმები და კვირაში რამდენიმე დღე სახლში სასწრაფოს ვიძახებთ. ექიმებმა გვითხრეს, რომ ესაჭიროება ინჰალატორი, რაც მის მდგომარეობას უფრო გააუმჯობესებს. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. ამის გამო სულ სახლში ვარ.

ლუიზა ძირითადად წევს, არ შესწევს უნარი საოჯახო საქმეები აკეთოს. სახლის დალაგება, საჭმლის კეთება და სხვა დანარჩენი საოჯახო საქმეები ჩემი გასაკეთებელია. უმაღლესი განათლება უსახსრობის გამო ვერ მივიღე. სტაბილური სამსახური ვერ მიშოვია, რომც ვიშოვო, დედაჩემს მარტო ვერ დავტოვებ. იშვიათად თუ გამოჩნდა ვინმე, ვისაც მიწის დაბარვა და შეშის დაპობვა მოუნდება ხოლმე.
ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 100 ლარი და დედაჩემის პენსიაა, რომელსაც სრულად ვერ ვიღებთ. მამაჩემი რომ ცუდად გახდა, წინასწარ გამოვიტანეთ გარკვეული თანხა და დედას პენსიიდან დღემდე ექვითება. ეს თანხაც ძირითადად დედაჩემის წამლებში მიდის. საკვები ძირითადად მაღაზიიდან ნისიად მოგვაქვს. თვის ბოლოს როცა პენსია და დახმარება გვერიცხება ვალს ვიხდით. ასე გრძელდება უკვე წლები.
ვაცნობიერებ, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. დღედაღამ იმაზე ვფიქრობ, როგორი დღე გათენდება ხვალ, რა ვაჭამო ავადმყოფ დედას. მყავს ნათესავები, მაგრამ მათაც საკუთარი გასჭირვებიათ. არ გვაქვს მაცივარი, რის გამოც საჭმელი რაც გვაქვს ისიც გვიფუჭდება. ვცდილობ მალფუჭებადი პროდუქტები წყალში შევინახო. არ გვაქვს სარეცხის მანქანა და ზამთარ-ზაფხულს ხელით ვრეცხავ ჩვენს ტანსაცმელს. მინდა, რომ იმ ადამიანებს მივმართო, ვისაც შეუძლია ყოველდღიური მძიმე ყოფა შემიმსუბუქონ, იქნებ დამეხმარონ იმით, რითაც შეუძლიათ. “ – ამბობს ბაჩო.
შენიშვნა: მთავარი ფოტო ზოგადია, რომელიც უცხოელმა ფოტოგრაფმა აფხაზეთის ომის დროს გადაიღო.























