
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.
მონასტერთან არსებული სამკერვალო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას 5000 პირბადეს გადასცემს.
მონასტრის იღუმენიას ინფორმაციით, სამუშაო პროცესი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს.
„ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და პირბადეებს ისე ვამზადებთ. მონასტრის წევრების გარდა, კერვის პროცესში მრევლიც ჩართულია. ამ პირბადეებს მერიას გადავცემთ“, – ამბობს იღუმენია.
მონასტერში დამზადებულ პირბადეებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ პირს, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
მონასტრის სამკერვალო დღეში 500 პირბადეს ამზადებს.
სამუშაო პროცესი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმაც მოინახულა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















