
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 2020 წლის 4 დეკემბერს, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით, მენაშენეებისგან ქ. თბილისში განთავსებული საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე გამოცხადდა კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ, კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.
მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებები სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებითა და დალუქული კონვერტის სახით უნდა წარმოადგინონ“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, თავის ვებგვერდზე ავრცელებს.






















