11:21 | 2020-12-29 ავტორი: ამუკა ქორიძე

დღეიდან, მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური დიდუბე-ჩუღურეთის რაიონშიც იმუშავებს

დღეიდან, მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური დიდუბე-ჩუღურეთის რაიონშიც იმუშავებს

შსს-ს ახალი რეფორმის ფარგლებში, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონებთან ერთად, მართლწესრიგის 40-მა ოფიცერმა, უკვე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონშიც დაიწყეს მუშაობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული პრაქტიკაა. მათი ფუნქცია-მოვალეობა ისეთ პრობლემებზე რეაგირებაა, როგორებიც ოჯახში ძალადობას, სამეზობლო დავებს, არასრულწლოვნებს, უკანონო მიგრაციას, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ეხება. ამასთან ერთად, მათი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებაც შედის.

 

წყაროს მიხედვით, 40 ოფიცერი კონკურსის წესით შეირჩა, რომელში გამარჯვებულმა კანდიდატებმა კი, შსს-ს აკადემიაში რამდენიმე თვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვა ჯერ, დედაქალაქში, ხოლო შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად იგეგმება.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

X