
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 38 წლის გახდებოდა, რომ არა ოკუპირებული ცხინვალის სისხლიანი რეჟიმი, ე.წ. სამართალდამცველებმა ის 2018 წელს მოკლეს.
დიდხანს ელოდნენ შვილის გვამს ტატუნაშვილის მშობლები, დე ფაქტო ცხინვალი ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობდა. არჩილ ტატუნაშვილის სამშობლოში გადმოსვენების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის აქტივისტებმა ნატახტართან გზა გადაკეტეს და რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ბოლოს და ბოლოს, არჩილ ტატუნაშვილის უსულო სხეული ქართულ მხარეს გადმოეცა. აღმოჩნდა, რომ მრავლობითი დაზიანებების გარდა, შინაგანი ორგანოების ამოკვეთის კვალიც იყო…
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა და პერიოდულად, ოკუპირებულ დაბაში ჩადიოდა. ერთ-ერთი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს. 23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით, ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისთვის ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცათ. საბოლოოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. იმავე წელს, საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული რეგიონის ორ ე.წ. სამართალდამცველს – ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა.
23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.






















