
დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი შეკითხვების შინაარსი ძირითადად ქვეყნის ეკონომიკასა და ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.
„გახარიასთან გვექნება კითხვები იმაზე, რაც არის დღეს მთავარი გამოწვევა, საქართველოს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი შიმშილის ინდექსში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები რჩებიან ფაქტობრივად ყველანაირი დახმარების გარეშე ინფლაციის ფონზე. ასევე გვაქვს შეკითხვა სიღარიბესთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ნახოს, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც ბედის ანაბარა მიატოვა საკუთარი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა დამოუკიდებელი დეპუტატები არ დაესწრებიან.
პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს კითხვით მიმართოს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.
ამასთან, მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უკვე იყო მისული. 27 მაისს გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.























