
„დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16.
აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან.
ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია“, –ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.






















