
“დღეს სანდროს დაბადების დღე გვაქვს. 27” – “ფეისბუქზე” წერს მანჩო გიორგობიანი. სამოქალაქო აქტივისტის ერთადერთი ვაჟი 2016 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. 13 რიცხვში დაბადებული, ცამეტში შეუერთდა მარადისობას.
შარშან მოცემულ ინტერვიუში მანჩო სანდროს გარეშე ცხოვრებაზე გვიყვებოდა.
მანჩო გიორგობიანი: – ოთხი წელია ჩემს თავს ვებრძვი, რომ თავი არ მოვიკლა. ეს ყველაზე ადვილია და სუსტი ადამიანის საქციელია. ეს არის ამ არაადამიანური ტკივილისგან და დარდისგან გაქცევა. მე მაქვს პასუხისმგებლობა დისშვილების, დედაჩემის მიმართ. მომაკვდავმა დამ თავისი ორი ბიჭი მე ჩამაბარა.
პირველ რიგში მხოლოდ ამიტომ არ მქონდა ამის ჩადენის უფლება… თორემ თავის მოკვლა ყველაზე დიდი კომფორტი იქნებოდა ჩემთვის. ვიღვიძებ ჯოჯოხეთში, ვიძინებ ჯოჯოხეთში. დღემდე მუდმივ ბრძოლაში ვარ, რომ ეს არ გავაკეთო.
დედის საშინელი წინათგრძნობა
სანდროს გარდაცვალებამდე მანჩოს იშვიათი ფორმის წინათგრძნობა ჰქონდა. რამდენიმე თვე თავს არ გავდა, მუდმივი მოუსვენრობა და იმის განცდა, რომ სიკვდილი აჩრდილივით თან დასდევს, არ ტოვებდა.
მანჩო: – ვგრძნობდი, რომ სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. მაგრამ მეგონა, მე ვკვდებოდი. განსაცდელი თან დამყვებოდა. ჩემ მეგობრებთან ხუმრობით ვამბობდი, მალე მოვკვდები, არ ინერვიულოთ, ხომ იცით, ახალგაზრდა და ლამაზი მინდა მოვკვდე-მეთქი.
„ფეისბუქზე“ პოსტებითდა ფოტოებით ვხუმრობდი. მისაყვედურეს, ასე ნუ ხუმრობო. დავდე ჩემი უცნაური შავი ფოტოები, სახლიდან წავედი და ღამე ტყეში გავათენე… და 24 საათში ჩემი შვილიც გარდაიცვალა. იმ ღამეს ხილვა მქონდა, სიკვდილი დამესიზმრა.
გომბორისკენ გავქანდი. მინდოდა ღამის ტყეში გათენება. ექსტრემალი ვარ, ლაშქრობების მოყვარული. ვიფიქრე, ღამე ტყეში განვმარტოვდები, დავფიქრდები, დილა რომ გათენდება, ეკლესიაში შევალ და მამაოს დაველაპარაკები – რატომ მეშინია, რატომ მგონია, რომ სიკვდილი დამყვება-მეთქი? ისეთმა შიშმა ამიტანა, რომ ვეღარ ვუმკლავდებოდი.
მეგონა, სიკვდილი ჩემს ყურისძირში სუნთქავდა. რისი მეშინოდა, არ ვიცოდი. არანორმალურმა ისტერიკამ ამიტანა. ალავერდისკენ სულ ყანებით ვიარე. უკვე ისე ბნელოდა, არც გზა ჩანდა, არც – არაფერი. უკუნი სიბნელე იყო. დიდ ხესთან ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. ალბათ, ჩამეძინა…

12 ივლისის ღამე იყო, ცხელოდა, მაგრამ მე ყინვისგან გავითოშე. დამეუფლა შეგრძნება, რომ ვკვდები და პირიდან სული ამომდის. ბოლოს, ჩემ თავს ზემოდან ვხედავდი, ხის ძირში მძინარეს.
ამ დროს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ვხედავ სამ ნახევრად გამჭირვალე სუბსტანციას. ვიგრძენი, თითქოს რომელიღაც ანგელოზმა ხელში ამიყვანა და ძალიან გავთბი. ჩემს ზემოთ იყო ეს სამი სუბსტანცია. პარალელურ სამყაროში გახლდით, სულ სხვა შეგრძნებები დამეუფლა.
ყოველგვარი ადამიანურისგან გავთავისუფლდი. მომემატა თვალთახედვა, ყურთასმენა. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა. შუაში ვიყავი მიწიერ სამყაროსა და ამ სამ სუბსტანციას შორის. მახსოვს, ვფიქრობდი, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სიკვდილი რა ბედნიერებაა, ყველა თავს მოიკლავდა-მეთქი.
ეს სამეული თითქოს მაჩვენებდა, რომ ჯოჯოხეთი კუპრი და ცეცხლი კი არ არის, არამედ, აქ დედამიწაზე გავდივართ ჩვენ-ჩვენს წილ ჯოჯოხეთს. (მე ახლა ნამდვილად გავდივარ ჯოჯოხეთს, ამაზე მეტი რაღა უნდა დამემართოს?!).
მახსოვს, ვითხოვე, ახლა ნუ წამიყვანთ, საქმეები, ვალდებულებები მაქვს – დისშვილები, დედაჩემი… მოვაწესრიგებ ყველაფერს მალე და უპრობლემოდ წამოვალ-მეთქი. ასე დავუბრუნდი სხეულს და გავიღვიძე კიდეც! დილას ცუდად გავხდი, ხუთვებიდამეწყო, შეტევები. თან ისევ ეს პანიკური შიში… კლინიკაში გამოკვლევისთვის დავწექი.
დასაბმელი გიჟი ვიყავი. მეგონა გავგიჟდი… დასამშვიდებელ წამლებს მიკეთებდნენ, ამან სულ ამშალა… ჰალუცინაციები დამეწყო. ამ დროს თურმე სანდრო აღარ მყავს, მაგრამ მაშინვე არ მითხრეს. სანამ ამერიკიდან ჩამოასვენეს, მთელი ის პერიოდი არ გამაგებინეს.
გამიფრთხილდნენ, არადა, ლამის კედლებზე გავდიოდი. რაღაც ხდება, რაღაც ხდება-მეთქი, ფიქრი არ მტოვებდა, თავი მეხდებოდასაშინელი ფიქრებისგან. სასულიერო პირებს რომ მოვუყევი, მოგვიანებით, არავის გაკვირვებიაჩემი ამგვარი მდგომარეობა.
მითხრეს, შეცდომა დაუშვეს, რომ მაშინვე არ გითხრეს, უფალი იმდენ განსაცდელს აგზავნის, რამდენის გაძლებაც შეუძლია ადამიანსო.
როცა ნათესავმა ბერმა დანიელმა, სანდროს ჩამოსვენების წინა დღეს, ეს ამბავი მითხრა, მე თითქოს იმ წუთას დავმშვიდდი. ხომ ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ეს საშინელება მითხრეს თუ არა, სიმშვიდემ დაიწყო მოსვლა.
დაბოლოს…
„შვილმკვდარი მშობელი თავადაც მკვდარია, ის არ ცხოვრობს, ის არსებობს. შიგნიდან გამოშავებული მაქვს ყველაფერი, სული, ხორცი, ძვალი – ეს ყველაფერი მტკივა. რა ძლიერი ხარო, მეუბნებიან. ეს გარედან ჩანს, ალბათ, ასე. ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავ, ისიც კი მტკივა.
სული სულ შავი მაქვს. შვილებს მინდა მივმართო – თავებს გაუფრთხილდით, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებს ნუ დახოცავთ! იცოდეთ, რომ როცა თქვენ კვდებით, ჩვენც მაშინვე ცოცხლად ვიხოცებით, რაც ფიზიკურად სიკვდილზე ბევრად უარესია.
დაგვინდეთ, ნუ მოგვისწრაფებთ სიცოცხლეს” – ამბობს მანჩო 2020 წლის 13 სექტემბერს “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

























