
იზო ფრუიძე ამჟამად ემიგრანტია. მას 2 წლისა და 9 თვის დის შვილი მოსტაცეს, თუმცა, რადგან ვერსად მიაგნეს, ფიქრობდნენ,რომ ავარიის მსხვერპლი იყო – მანქანამ დაარტყა და შემდეგ დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით გადამალა. 8 წლის შემდეგ კი გატაცების თვითმხილველი გამოჩნდა და ოჯახს შეატყობინა, რომ გოგონა გაიტაცეს.
იზო ფრუიძე:
– 1977 წლის 6 ივლისს, სოჭში, ვარდების (уллиуа Роз) ქუჩის 41 ნომრიდან დავკარგეთ 2 წლისა და 9 თვის გოგონა, თამარ სიმონის ასული ბიწაძე.
ბავშვი 6 წლის ძმასთან ერთად სათამაშოდ იყო ჩასული კორპუსის წინ მდებარე საბავშვო მოედანზე. თამარი იყო მრგვალი პირისახის, პუტკუნა გოგონა, წაბლისფერი, მოკლედ შეჭრილი თმით. მას ბარძაყზე ჰქონდა 20-კაპიკიანის სიდიდის ხალი (შეიძლება ითქვას – ტყლიპი).
გოგონა გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა ვარდების ქუჩის პარალელურ ქუჩაზე (улица Воровский), კინოთეატრ „კუბანის“ წინ. ამ მოვლენის მხილველი 8 წლის შემდეგ შეგვეხმიანა ოჯახს და დეტალებში აღწერა ბავშვის გატაცების მომენტი:
ეს პიროვნება იყო პედაგოგი, ადლერუდან. საექსკურსიო ბიუროში აფორმებდა ექსკურსიას, მესტიაში. შესვენების გამო გარეთ, სკვერში იჯდა, მძღოლთან ერთად. ყურადღება მიაქციეს მარტოდ მდგარ პატარა გოგონას. იქვე მდგარა „ჟიგულის“ მარკის წითელი ფერის მანქანა. თვითმხილველი, რუსი ეროვნების პედაგოგი დარწმუნებით ამბობდა, მანქანასთან მდგომი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ქართულად საუბრობდა ერთმანეთში. მერე ბავშვს მიუახლოვდნენ და უთხრეს, მოდიო. ბავშვი ისედაც ძალიან უკარება იყო, არ მიეკარა.
„ერთ-ერთმა ნაყინი იყიდა და ბავშვს მიაწოდა, უცებ დაავლო ხელი ბავშვს, მანქანაში შეაგდეს, ჩასხდნენ და მანქანა ადგილიდან მოწყვიტეს. მივხვდით, ბავშვი მოიტაცეს და გამოვედევნეთ, მაგრამ შუქნიშანთან შევჩერდით და კვალი დავკარგეთ, პირდაპირ მილიციაში მივედით. განვაცხადეთ ნანახის შესახებ და მანქანის ნომერიც ჩავაწერინეთ, საკმარისად ჩავთვალეთ ეს განცხადება“. – გვიამბო თვითმხილველმა მამაკაცმა.
მესამე დღეს ტელევიზიით მოისმინა იმ მადლიანმა კაცმა ბავშვის დაკარგვის განცხადება და ისევ გამოცხადდა ადლერიდან სოჭში, მილიციაში. უპასუხეს, რომ ეძებდნენ იმ ნომრით…
გამოცხადდა საკავშირო ძებნაც, ვეძებდით ყველა იმ დროისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით!
ბავშვის დაკარგვიდან 8 წლის შემდეგ, იგივე პედაგოგი, ისევ „საექსკურსიოში“ ყოფილა, ისევ შესვენება დახვდა და დროის გასაყვანად ქუჩას აუყვა თურმე. ბავშვის სურათი ისევ უნახავს მილიციის სტენდზე. დარწმუნებული, რომ ბავშვი უკვე ნაპოვნი იყო, შესულა მილიციის განყოფილებაში და ოჯახის ტელეფონის ნომერი მოუთხოვია. ჩვენ მხოლოდ 8 წლის შემდეგ, მისგან შევიტყვეთ სიმართლე. ამდენი უშედეგო ძებნის შემდეგ ვფიქრობდით, რომ ბავშვი ავტოავარიის მსხვერპლი იყო..
გავიდა 44 წელი. მამა, სიმონ (შოთა) ალექსანდერს ძე ბიწაძე ვეღარ დაელოდა თამრიკოს გამოჩენას, 2012 წელს გარდაიცვალა…
დედა, გულიკო (მაგული) არსენის ასული ფრუიძე დღესაც ყოველი ტელეფონის ზარზე შვილის გამოჩენას ელოდება.
ძმა, ალექსანდრე (საშა) სიმონის ძე ბიწაძე მზადაა, ყველაფერი გაიღოს, ოღონდაც დაკარგული დაიკო გამოჩნდეს…
იმ დროისთვის ეს საქმე მეტად გახმაურებული იყო, ვეძებდით მთელ სსრკ მასშტაბით, გამოგვიგზავნეს წერილი, ბავშვის გამოსასყიდს ითხოვდნენ, 50 000 რუბლს. ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, თუმცა იმ დროს ეს თანხა საკმაოდ სოლიდური იყო. ფეხზე დადგა მთელი სოჭის მოსახლეობა, ნაცნობი, ნათესავი და უცნობი, პენსიონერებიც კი ჩაერთვნენ და ფული შეგროვდა. დედა უნდა მისულიყო დანიშნულ ადგილას, თანაც, გვაფრთხილებდნენ, მილიციას არ უნდა სცოდნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს არასოდეს გამოაჩენდნენ, – მაინც საშვილებლად გვინდაო, მაგრამ წერილი მილიციის გავლით მოვიდა ჩვენამდე, დანიშნულ ადგილას არავინ გამოცხადდა…
დღესაც ვფიქრობთ, რომ ბავშვი ნაცნობებმა მოგვპარეს, ფულის გამოსაძალავად. უეჭველად ისინი ზუგდიდლები იყვნენ, მეზობლად ცხოვრობდა ერთი მეგრელი ქალი,(ნადია სიჭინავა), ვისთანაც სტუმრობდნენ ზუგდიდელი სახურიები, თამრიკოს ტოლი ბავშვით, რომელმაც რუსული არ იცოდა და თამრიკოს ეძახდნენ ხშირად სათამაშოდ. აი, იქ, იმ ოჯახში არის ჩაფიქრებული ბავშვის გატაცება…
93 წლიდან საქართველო – რუსეთის ომის შემდეგ, გზები და კომუნიკაციები ჩაგვეკეტა და არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს…
გემუდარებით, იქნებ ვინმეს გაქვთ რაღაც ხელჩასაჭიდი ამ საქმის ირგვლივ, დაგვეხმარეთ…
მე ვარ დეიდა, ამჟამად ვცხოვრობ იტალიაში. ჩემი ტელეფონის ნომერია: 393292634635
ამ ნომრით შეგუძლიათ დამიკავშირდეთ „ვიბერში“ ან მესენჯერში – izo pruidze.






















