19:37 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ, მიღწეული შეთანხმების ანულირება – ალეკო ელისაშვილი

დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ, მიღწეული შეთანხმების ანულირება – ალეკო ელისაშვილი

ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში, – ასე ეხმაურება ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

 

მისივე თქმით, როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად.

 

„ესაა ამ პოლიტიკურ ვითარებაში პარტია „მოქალაქეების” პოზიცია:

 

მიუხედავად იმისა რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება. ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.

 

თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს,“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ავტორი: Prime Time

X