
მარიამ სანოგო, რომელიც “რუსთავი 2”-ზე The Talk შოუს ერთ-ერთი წამყვანია, ამ კვირაში, არხის მაყურებელმა 6 საათიანი “კურიერის” სპორტის წამყვანად იხილა. ამბობს, რომ ახალი სატელევიზიო გამოწვევა ხიბლავს.
მარიამ სანოგო: – სპორტის წამყვანობაზე არასოდეს მიფიქრია. დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის. საინტერესო ექსპერიმენტი და გამოცდილებაა.
სპორტის გარკვეულ სახეობებში ახლა ვერკვევი, სპორტის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები მეხმარებიან.
ვგიჟდები კალათბურთზე. აქტიურად ვუყურებ ხოლმე. ძალიან ვგულშემატკივრობ Golden State-ს და სავარაუდოდ, ეს იცოდნენ და ჩემი ამ ექსპერიმენტში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზიც, ალბათ, ეს იყო.
ფეხბურთს და სხვა სპორტის სახეობებს, სადაც საქართველოს გუნდები თამაშობენ, ხშირად ვუყურებ. ამდენად, მთლად დილეტანტიც არ ვარ ამ სფეროში. დანარჩენს ვსწავლობ და ვითვისებ.
ტელევიზია მრავალფეროვანი სამსახურია და ამიტომ მიყვარს.
26 წლის მარიამმა მოდელობას თავი დაანება. თვლის, რომ სამოდელო ბიზნესი დისკრიმინაციული სფეროა.
მარიამი: – ამ სფეროს ცუდი გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე. იმ დროს, როცა ვმოდელობდი, ბევრ პრობლემას წავაწყდი. არა მხოლოდ ასაკობრივი კუთხით.
ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვენებებზე და ფოტოებზე, სადაც ვიზაჟისტების და ფოტოგრაფების შრომაა ჩადებული, და როცა ამას 15 წლის გოგონები უყურებენ, შემდეგ მათ მძიმე პრობლემები ექმნებათ. თუმცა ეს არ იყო მიზეზი, რომ ამ პროფესიაზე სრულიად უარი რომ მეთქვა.
პოდიუმი გულისხმობს იმ ზომას, რომელიც ბოლო პერიოდი, ჩემთვის მიუღებელია. დიდი სტრესის გავლა მომიწია მოდელობის პერიოდში. ახლა უკვე გადავწყვიტე სტრესის გარეშე ვიცხოვრო იმ წონით, რა წონაც მაქვს.

























