22:12 | 2020-04-08 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ევროპა კარანტინში! – აკრძალვები და ჯარიმები ქვეყნების მიხედვით

ევროპა კარანტინში! – აკრძალვები და ჯარიმები ქვეყნების მიხედვით

მთელი ევროპის მასშტაბით, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი ძირითადი კერაა, ქვეყნებმა კარანტინის წესები დააწესეს, რათა შეაჩერონ კოვიდ-19-ის გავრცელება. ქვეყნები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციისკენ მოუწოდებენ.

 

კონკრეტულად, რა ზომები მიიღეს ევროპულმა ქვეყნებმა და რას გულისხმობს მათი კარანტინის წესები?

 

იტალია – შეზღუდვების ვადა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა

 

9 მარტს იტალიაში ეროვნული მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, 60 მილიონამდე მოქალაქე სახლში უნდა დარჩენილიყო. სკოლები, უნივერსიტეტები, სუპერმარკეტები, ბანკები და აფთიაქები – მხოლოდ ეს დაწესებულები დარჩა ღია, თუმცა მოგვიანებით, სასწავლო დაწესებულებებიც დროებით დაიხურა.

 

იტალიაში მოგზაურობა შეუძლებელია, თუ არ იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაუდებელი შემთხვევა.

 

იტალიაში მოქალაქეებს სახლის დატოვების საშუალება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიდიან სახლთან ახლოს სხვა დაწესებულებაში, მაღაზიაში ან ექიმთან. შეძლებისდაგვარად უმეტესობა სამსახური დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, თუმცა სამსახურში წასვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იქ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

 

სახლში ისინი ფურცელზე წერენ მიზეზებს, თუ რატომ დასჭირდათ სახლიდან გასვლა, რომელსაც პოლიცია შეამოწმებს. ის ვინც ამ წესს არღვევს, 400-დან 3000 ევრომდე ჯარიმა, ან 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

ესპანეთი – შეზღუდვები მოქმედებს 11 აპრილამდე

 

ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოაცხადა და დაახლოებით 46 მილიონ მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

არაპირველადი მოხმარების პროდუქციის მქონე მაღაზიები დაიხურა. ასევე სკოლები და ტურისტული ზონები. ესპანეთმა დახურა საკუთარი საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან. ადამიანებს შეუძლიათ გარეთ გასვლა მხოლოდ მაღაზიაში, აფთიაქში ან სამსახურში.

 

ასევე აკრძალულია ვარჯიში ღია ცის ქვეშ, თუ საქმე არ ეხება ძაღლის გასეირნებას. ასობით ათასი პოლიციელი და სამხედრო კარანტინის წესებს აკონტროლებს.

 

სიკვდილიანობის რიცხვის მომატების გამო, 28 მარტს ესპანეთში კარანტინის წესები კიდევ უფრო გამკაცრდა. სამსახურში სიარულის უფლება აქვთ მხოლოდ ძირითად კოლექტივს, ხოლო დამხმარეები ორი კვირით სახლში უნდა დარჩნენ.

 

ესპანეთში კარანტინის წესების დარვევისთვის ჯარიმების რაოდენობა 100 ევროდან – 600,000-მდე მერყეობს.

 

შეზღუდვები ესპანეთში 11 აპრილამდე მოქმედებს, თუმცა შეიძლება გახანგრძლივდეს.

 

საფრანგეთი – შეზღუდვები მოქმედებს 15 აპრილამდე

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ 17 მარტს ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა და აკრძალა საჯარო თავშეყრის ადგილებში შეკრება, მოქალაქეებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თუ საქმე არ ეხება პროდუქტების შეძენას ან სხვა გადაუდებელ შემთხვევას.

 

ყველა მეორეხარისხოვანი მაღაზიების დახურვასთან ერთად, დაიხურა ღია ცის ქვეშ არსებული ბაზრები. ფრანგებმა ასევე მუდმივად უნდა შეავსონ დოკუმენტი, რომელშიც წერენ, თუ რატომ დატოვეს სახლი.

 

გარეთ ვარჯიში შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი საათით და თანაც მარტომ. ოჯახებს სეირნობის უფლება აქვთ, თუმცა ისინი თავიანთ სახლებს ერთ კილომეტრზე შორს არ უნდა გასცდნენ. დაშვებულია ძაღლთან ერთად სეირნობაც, თუმცა ასევე სახლთან ახლოს და სოციალური დისტანციის დაცვით.

 

კარანტინის წესების დარღვევისთვის, მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს 135 ან 3,700 ევროდ.

 

 

გერმანია – შეზღუდვები მოქმედებს 19 აპრილამდე

 

განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, გერმანიის ხელისუფლებას დღემდე ოფიციალურად არ განუცხადებია 80-მილიონიანი მოსახლეობისთვის, რომ სახლებში დარჩნენ. ამის ნაცვლად, მან შემოიღო სოციალური დისტანცირების მკაცრი წესები, რომელიც 22 მარტს კანონში გაიწერა.

 

ერთ სივრცეში 2 ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელია, თუ საქმე არ გვაქვს ოჯახთან, რომელიც ერთად ცხოვრობს. რესტორნებს დახურვისკენ მოუწოდეს, თუ მათ არ გააჩნიათ მიტანის სერვისი. ყველა სილამაზის სალონი დაიხურა. გარეთ ვარჯიში შესაძლებელია, თუმცა ადამიანებს შორის ამ დროს დაშორება სულ მცირე 2 მეტრი უნდა იყოს.

 

ამავდროულად ბავარიისა და საარის მხარეებმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. სკოლები აღდგომის დღესასწაულებამდე დახურულია.

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სოციალური დისტანცირების წესები მინიმუმ 19 აპრილამდე გაგრძელდება.

 

კარანტინის წესების დარღვევისთვის გერმანიაში მოქალაქე მაქსიმუმ 500 ევროთი დაჯარიმდება.

 

რაც შეეხება სამსახურს, გერმანიაში შემუშავდა ე.წ. მოკლევადიანი სამსახური. მოკლევადიანი სამსახურის წესის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანია, რომელიც ძლიერ დაზარალდა კორონავირუსის კრიზისის დროს, უშვებს თავის თანამშრომლებს სამსახურიდან დროებით ან ამცირებს სამუშაო დროს. დასაქმებულები ისევ მიიღებენ თავიანთი ხელფასის ნაწილს, ხოლო სახელმწიფო დეფიციტის ანაზღაურებაზე ზრუნავს.

 

თუ კომპანია ამ სქემას გამოიყენებს, თანამშრომლებს დროებით გაათავისუფლებენ, ოღონდ ხელფასს მაინც გადაუხდიან. მათი დამსაქმებლები ამ „მოკლევადიანი სამსახურისთვის“ ხელისუფლებისგან თანხას მიიღებს.

 

 

დიდი ბრიტანეთი – შეზღუდვები 13 აპრილამდე მოქმედებს, მაგრამ სავარაუდოდ გახანგრძლივდება

 

ბრიტანეთში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა და ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილება – მხოლოდ მაღაზიებში, სამედიცინო პუნქტებსა და სამსახურში წასვლა გახდა შესაძლებელი.

 

აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება. ვარჯიში შესაძლებელია მხოლოდ თუ დარბიხართ ან ველოსიპედით მოძრაობთ. პოლიციელები მოქალაქეებს აკონტროლებენ, თუმცა ბრიტანელებს არ დასჯიან იმის გამო, რომ თან არ ექნებათ ფურცელი, რომელშიც განმარტავენ, თუ რატომ დატოვეს სახლი.

 

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მან განაცხადა, რომ კარანტინის წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ, თუ მედიცინა ამას მათგან მოითხოვს.

 

წესების დარღვევისთვის ბრიტანეთში მოქალაქე 60 ფუნტიდან (74 დოლარი) 850 (1000 დოლარი) ფუნტამდე შეიძლება დაჯარიმდეს.

 

შვედეთი – შეზღუდვები დაწესებული არ არის

 

სკანდინავიურმა ქვეყანამ სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილება არ გაიზიარა და უარი თქვა საყოველთაო კარანტინზე, მიუხედავად იმისა, რომ მასსაც კორონავირუსის შემთხვევების კრიტიკული ციფრები უფიქსირდება.

 

„ჩვენ ზრდასრულები ასეთები უნდა ვიყოთ: არ გავავრცელოთ პანიკა და ჭორები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა პანდემიის დასაწყისში. შვედეთის ყველა მეზობელმა – დანიამ, ნორვეგია, ფინეთმა – უკვე დააწესეს საყოველთაო შეზღუდვები, თუმცა ისინიც თავიდან არ იყვნენ მკაცრი შეზღუდვების მომხრეები.

 

იმ ცოტა შეზღდვებს შორის, რაც შვედეთში დაწესდა, არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება, სადაც 50-ზე მეტი ადამიანია და ასევე დროებით შეიზღუდა მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტები.

პოლონეთი – შეზღუდვები მოქმედებს 11 აპრილამდე

 

პოლონეთმა საკუთარი საზღვრები 13 მარტს დაკეტა და უმეტესობა ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დაიხურა ყველა რესტორანი, ბარი და სხვა რეკრეაციული ზონის დაწესებულებები.

 

24 მარტს, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გაამკაცრა კარანტინის წესები და მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება შეუზღუდა, თუ საქმე არ ეხება: პროდუქტების ყიდვას, ძაღლის გასეირნებას, სამსახურს და მოხუცებული ნათესავის მოვლას. აკრძალულია 2 ადამიანზე მეტი ადამიანი შეკრება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ოჯახებზე.

 

პოლონეთმა ასევე შეზღუდა ადამიანების რიცხვი, რომლებსაც რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის უფლება მიეცა. გასვენებასა და წირვაზე 5-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება.

 

პოლონეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს 1,100-დან 6,600-ევრომდე.

 

უკრაინა – შეზღუდვები მოქმედებს 24 აპრილამდე

 

უკრაინამ საჰაერო მიმოსვლები 17 მარტს აკრძალა. რამდენიმე დღეში აიკრძალა ქვეყნის შიგნით მატარებლების გადაადგილება.

 

დაიკეტა ბარები, რესტორნები, უნივერსიტეტები, სკოლები და აიკრძალა მასობრივი შეკრებები. შეძლებისდაგვარად სამსახურებს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდეს.

 

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 25 მარტს გამოაცხადა და შეზღუდვები 24 აპრილამდე დააწესა, თუმცა შეიძლება კარანტინის გახანგრძლივდეს.

 

უკრაინაში კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს 616-დან 1,232 დოლარამდე.

 

 

Graphic showing when select countries implemented lockdowns and other restrictions on public life

 

წყაროები: DW, Local

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X