
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე პანდემიური კარანტინის დასრულებას კონკრეტული მიზნით ელოდება. “გაჩკა” თავის ჰობს დაბრუნებია და ფოტოგრაფიით არის ისევ დაინტერესებული.
და როცა “გარეთ გასვლის” ნებართვა გამოცხადდება, მსახიობი ფოტოების გადაღებას ქალაქგარეთ გეგმავს.
ნინო გაჩეჩილაძე:
– კითხვის დრო მეც გამომიჩნდა. ბრაიან თრესის „მიზნებს“ ვკითხულობ, ამერიკელი გაყიდვების მენეჯერია, რომელიც რჩევას გვაძლევს, როგორ დავგეგმოთ ცხოვრება ნაკლები შეცდომების დასაშვებად.
ეს ეხება ყველას, ვისაც უნდა, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს. პროფესიის შეცვლას არ ვაპირებ, თუმცა ჩემს ჰობის ვუბრუნდები.
ახალი წლის პერიოდში, ნათელა გრიგალაშვილთან ფოტოგრაფიის ორთვიანი კურსი გავიარე და ახლა, გასვლითი გადაღებებისთვის, კარანტინის დასრულებას ველოდები.
შეიძლება მცხეთით დავიწყო, შემდგომ გავცდე და უფრო შორს გადავიღო. ქალაქის ქუჩები იქნება, პროვინცია, სოფლები თუ ბუნება, მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს თავზე უნდა ვიმუშაო.
ყოველთვის ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ ეს ჰობი ვერადავერ შევუთავსე ჩემს საქმიანობას.
ბავშვობიდან მიტაცებს ფოტოხელოვნება. მინდა ჩემთვის მივიღო სიამოვნება. ფოტოგრაფიით ფულის შოვნას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, ფოტოგრაფები, ისევე როგორც, მსახიობები მდიდრულად ვერ ცხოვრობენ.
30 აპრილს ნინოს უმცროს დას, მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს მეორე შვილი შეეძინა და მას ელია წინასწარმეტყველის სახელი დაარქვა. დეიდას ძალიან უნდა პატარა დისშვილის მონახულება.
ნინო: – ყველა ძალიან გაგვახარა და გაგვაბედნიერა. მიაყოლა და მე მგონი, სწორად მოიქცა, ერთად გაიზრდებიან ბავშვები. მოწესრიგებული და კონცენტრირებული დედაა.
ვენაში არიან და სანამ ბავშვი სამი თვის არ გახდება, ვერ ჩამოვლენ. ჩვენ ძალიან გვინდა სანახავად ჩასვლა. ფრენები რომ აღდგება, აუცილებლად წავალთ, თუ ჩემი სამსახური გამიშვებს.
ვენა ძალიან ლამაზი ქალაქია, მიყვარს, ორჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ სიამოვნებით ჩავიდოდი. თუ არადა, ზაფხულში თაკო თვითონ აპირებს ჩამოსვლას.
“გაჩკას” “ჩემი ცოლის დაქალებში” გადაღება ენატრება. როგორც ამბობს, საკმაოდ გრძელი სეზონის გადაღება იგეგმებოდა… აგვისტომდე უნდა დაეკავებინა ეთერი.
ნინო: – მე-16-მე-17 სეზონი წყვეტის გარეშე გაერთიანებული უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 120 სერია. სამწუხაროდ, ამდენი სერია აღარ გვექნება.
ალბათ, ყველა ხაზში რაღაც შეიცვლება. ჩემთან რა შეიცვლება, არ ვიცი. მაქსიმე და კატო აუცილებლად დაშორდებიან.
გაცივდა მათი ურთიერთობა და დროა ორივეს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყოს.
– რა გასწავლა კარანტინმა?
– აქამდე ბევრ რამეზე არ ვფიქრობდით, თუნდაც ჩვენს სხვა ინტერესებზე. კარანტინმა ჩვენი თავისკენ მოგვაბრუნა. მე ასე ვარ. თავთან მეტად გავიხსენი. მეტი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.
ხანდახან უნდა გაჩერდე და უკან მოიხედო, რომ ის რეალობა დააფიქსირო, რომელშიც ცხოვრობ.
უკანმოუხედავად სირბილი და საქმის რუტინულად კეთება, არა მგონია, რომ სასარგებლო და ბედნიერების მომტანი იყოს. რაღაც მომენტში უნდა დაამუხრუჭო და მოიხედო, სწორი გზით მივდივარ თუ არაო.






















