
ძაღლს, რომელიც ბორჯომში მე-12 სართულიდან გადმოაგდეს ბუსა ჰქვია და როგორც მისი პატრონი, ქალბატონი ხათუნა ამბობს, ძაღლის მიტოვება აზრადაც არ მოსვლია.
გუშინ სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა და „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა უკვე პატრონი მის წაყვანაზე უარს ამბობს.
აი რას წერდა გუშინ ელიზბარაშვილი: „ძაღლი ორსულად იყო და ძირს დაცემისას ყველა ლეკვი დაეხოცა მუცელში. პირველი ოპერაციის დროს 8 მკვდარი ლეკვი და საშვილოსნო ამოვუღეთ. ხოლო დღეს 11 აპრილს მენჯის დამსხვრეული ძვალი რკინის ღეროზე ააწყო ექიმმა ალიკა ქანაშვილმა კლინიკა „აიბო“-ში.
იმისთვის, რომ ძაღლი არ დაისტრესოს უცხო გარემოში, არ ჩავარდეს დეპრესიაში, რაც აუცილებლად ლეტალური შედეგით დამთავრდება. მე, თამაზ ელიზბარაშვილი ველაპარაკე ძაღლის პატრონს. ავუხსენი დეტალურად ყველაფერი, მაგრამ პატრონმა ამაზე უარი თქვა. შესაბამისად მე პასუხისმგებლობას ვიხსნი, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ჩავარდა დეპრესიაში, მე მას ვეღარ ვუშველი“.
სრულიად საპირისპიროს ჰყვება ძაღლის პატრონი.
„ბუსა ერთი წლისაა და ის მაჩუქეს. ჩემი გაზრდილია და ყველამ იცის როგორ მიყვარს. როგორ მივატოვებდი ჩემს ბუსას ასე, როცა მის გამო ისე ცუდად ვიყავი, რომ რამდენიმე სასწრაფოს გამოძახება დასჭირადთ ჩემებს. ჯერ რამდენიმე დღე პროკურატურაში ვიარე, რადგან დაზარალებულად მცნეს, რომ ვინც ბუსა ამ დღეში ჩააგდო ის დაესაჯათ. ძაღლი რამდენიმე დღე სახლში მყავდა, შემდეგ მეგობრების და ძალიან კეთილი ადამიანების დახმარებით ის თბილისში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. რამდენჯერმე დავრეკე კიდეც ელიზბარაშვილთან, თუ საჭიროა ჩამოვალ თქო, მაგრამ მოგეხსენებათ კარანტინია ქვეყანაში და ისე ხშირად ვერ მოვახერხე ჩასვლა. რატომ დასჭირდა ასეთი ტყუილი ბატონ თამაზს არ ვიცი. მივწერე კიდეც მესიჯი და არ მიპასუხა. ახლა მივდივარ თბილისში რომ ჩემი ბუსა ჩამოვიყვანო. ძალიან გული დამწყდა ამდენი ცუდი კომენტარი რომ წავიკითხე ჩემი მისამართით. როგორ იფიქრეს, რომ ძაღლს დავტოვებდი, როცა ამდენი ვიტანჯე და ვინერვიულე მის გამო“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ძაღლის პატრონმა.
როგორც ძაღლის პატრონი ამბობს, ცხოველი მე-12 სართულიდან მისთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა გადმოაგდო. „საერთო ჰოლში მეგობარ გოგოს გამოვესარჩლე, რომელსაც ჩემთვის სრულიად უცნობი მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებდა. ამით გაბრაზებულმა კაცმა კი აივანზე შემთხვევით გამოსული ძაღლს ხელი დასტაცა და მე-12 სართულიდან გადააგდო“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ძაღლის პატრონი.
ცნობისთვის: ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ 31 კაცს ბრალი უკვე წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან სხვისი ძაღლი გადააგდო.
შედეგად, ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით. უწყების ცნობითვე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






















