
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ძაღლი სიკვდილს თამუნა გოგალაძემ და რეზი ცერცვაძემ გადაარჩინეს.
მანამდე ძაღლის პატრონმა სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა. ის წერდა, რომ ძაღლს ყელზე წვრილი მავთული ჰქონდა შემოხვეული და ჭრილობა ღრმავდებოდა.
მოგვიანებით, დახმარება გორში მცხოვრებ თამუნა გოგალაძეს სთხოვეს. თამუნა მეგობართან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა:
„როგორც მითხრეს, ამ ხნის განმავლობაში ვერავინ დახმარებია მათ. სად აღარ დარეკეს, ვის აღარ სთხოვეს. მე ფოტოები ჩამიყარეს და რა თქმა უნდა, წავედით. დიდი იმედი არ მქონდა, რომ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ვეცდებოდი მაინც,” – გვიყვება თამუნა გოგალაძე.
ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ.
ძაღლს რამდენიმე სანტიმეტრზე ყელის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა. პატრონის თქმით, ჭრილობა ალბათ მაშინ მიიღო, როცა მავთულიდან თავის დახსნას ცდილობდა. ძაღლის პატრონმა დაზუსტებით არ იცის, თუ სად და როგორ შემოეხვია მარყუჟი ძაღლს ყელზე.
„ძაღლი დიდია და ბუნებრივია, წამალი ვერ იმოქმედებდა. ისე დაჭერაც შეუძლებელი იყო, რომ ნემსი გაგვეკეთებინა. ამიტომ, ჩემმა მეგობარმა წამოიღო სასროლი ნემსი.
თავდაპირველად, არ გვეკარებოდა. ერთ საათზე მეტ ხანი დაგვჭირდა, რომ ნემსი გაგვეკეთებინა.
როგორც იქნა, მოვახერხეთ და მერე უკვე ძაღლს ყელიდან მავთული ამოვაცალეთ.
არ იციან, როგორ შემოეხვია მავთული. ფიქრობენ, რომ სადმე ხაფანგი იყო დაგებული გარეული ცხოველისთვის და იმ მარყუჟში მოყვა. თვითონაც ვერ ამბობენ ვერაფერს,” – ამბობს თამუნა გოგალაძე.






















