
სოფელ მუხრნაში გამთენიისას შემზარავი მკვლელობა მოხდა. 28 წლის მამაკაცმა მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილმა დანაშაულის შემდეგ ოჯახის კუთვნილი მანქანით, იგივე სოფელში, სხვა სახლში მცხოვრებ დედას მიაკითხა და ფული ითხოვა, მანქანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა და ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილი ქალის მკვლელობაში ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული. მან ციხეში 14 წელი გაატარა, და საპყრობილე 2 კვირის წინ დატოვა.
დანაშაულის მოტივად სოფელში ორი ვერსია სახელდება – წლების წინ მომხდარი ოჯახური ძალადობა, რომელშიც მეზობლების ინფორმაციით, პაპა ფიგურირებდა და ოჯახის წევრებს შორის ქონებრივი დავა.
ადგილობრივების ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფს თავად დაკავებულის დედა. დიანა ოკინაშვილი ამბობს, რომ წარსულში რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტს სიცრუეს უწოდებენ ოჯახის სხვა ახლობლებიც, თუმცა გიორგი ოკინაშვილის აგრესიულობისა და მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
28 წლის მამაკაცი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. დანაშაულის ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცივი იარაღი დანა.























