
როცა მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლ ქალს ვუსმენდი, მივხვდი, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ვერაფერზე გავაკეთებდი.
ამ ქალბატონის ბედი, თითქოს, ბავშვობიდან დამძიმდა და ასე გასტანა. 32 წლის ვარ, მაგრამ მძიმე დაავადების გამო, 60 წლის ქალს ვგავარო – ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი მაყვალა თუმანიშვილმა.
მისი ყოფილი ქმარი ახლა პატიმარია. ეშინია დღევანდელი დღის და მომავლის. აწმყოში უმძიმეს ყოფას ტირის, სამომავლოდ კი, გათავისუფლებული მოძალადე მეუღლის ეშინია…
ასეა მათი 8 წლის ბიჭიც. როცა მამამ სცემა, გაჩუმდა და თვეები ერთი ბგერაც არ უთქვამსო – ამბობს დედა. ეს პატარა ახლა, საჭმელზე და ზაფხულის ტანსაცმელზე ოცნებობს…
იმისთვის, რომ გურამს საჭმელი ჰქონდეს, დედა წამლის ყიდვაზე უარს ამბობს. მწირი შემოსავალი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალებას არ აძლევს…
„რუსთავის გზატკეცილზე სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე ნანგრევებში ვცხოვრობთ. დიაბეტიკი ვარ, თუმცა უმართავია, 400-ზე ამდის. ეს მხედველობაზეც აისახა – ერთი თვალით ვეღარ ვხედავ, მეორეთი – ნაწილობრივ.

ნათელი დღეები ჩემთვის სიბრმავეს ნიშნავს, მკვეთრ სინათლეზე ვეღარაფერს ვხედავ. ეზოში, ტუალეტში გასვლაც მიჭირს.
ეს ყველაფერი ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ განაპირობა. მეზობელმა მეუღლე გამირიგა და გავთხოვდი. მეგონა, მძიმე ბავშვობის მერე ბედნიერება მეწვეოდა, მაგრამ შევცდი.
ჩერნობილში იყო მამაჩემი და 9 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. ოთხი დედმამიშვილი მყავს. დედამ ძლივს გაგვზარდა…
გათხოვებიდან 4 თვე ნორმალურად ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე. ორსული ვიყავი, როცა ის ქურდობისთვის დაიჭირეს…

ბავშვი ორი წლისაც არ იყო, ციხიდან რომ გამოვიდა. მერე ისევ დაიჭირეს, ისევ ქურდობისთვის. სანამ ჩემი ქმარი ციხეში იყო თავს მოწყალების თხოვნით ვირჩენდი. ციხიდან მირეკავდა და ფულს მთხოვდა.
ქირის გადახდის საშუალება რომ არ მქონდა, ჯართის ძიებისას ეს სასათბურე მეურნეობა ვნახე და ნანგრევებში შემოვსახლდით. კეთილი ადამიანების დახმარებით, კარი და ფანჯრები ჩავსვი.
სანამ რომანი ციხეს დატოვებდა, ჩემი პატარა მამას ჩემს ძმას ეძახდა. ოცნებად ჰქონდა მასთან შეხვედრა…
რომანი ჩემზე და ბავშვზე ძალადობდა. ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მიშვებდა, რათა მისთვის სასმელის ფული მიმეცა, თუ ვერ ვიშოვიდი, გვცემდა.

ოთხი თვის წინ, ხელცარიელი დავბრუნდი, ქუჩაში არავინ დაგვეხმარა. გვცემა, რაც გვქონდა დალეწა, ტანსაცმელი გარეთ გაიტანა და ცეცხლი წაუკიდა, თქვენც უნდა დაგწვათო, ყვიროდა.
კარი დაგვეწვა. მეზობელს შეეშინდა და პატრული გამოიძახა. ის დააკავეს და ოთხი წელი მიუსაჯეს. მისი ძმა და დედა მე მადანაშაულებს რომანის დაჭერაში. ცოლი ხარ და გურამი შვილია, თუ გცემდათ, მერე რაო, ამბობენ.
არავინ გვეხმარება მისი ოჯახიდან. გადასარევად ცხოვრობენ, ჩემს მაზლს თავისი შვილის გამონაცვალიც კი ენანება გურამისთვის…
ჩვენი შვილი ახლა, 8 წლისაა. ბავშვს ნერვიულობისგან ლოგონევროზი დაემართა. ერთმა ბიჭმა ნევროლოგისთვის ექვსი კონსულტაციის ფული გადაგვიხადა.
გურამს ისეთი შიში აქვს, როცა ჭამს თან ტირის, როცა მამა გამოვა, რა გვეშველება, დაგვხოცავსო, ამბობს. ვერც თანატოლებთან ურთიერთობს. მალე ღიზიანდება და ჩხუბს იწყებს.
აქამდე კეთილი ადამიანების თანადგომით მოვედით. ჩემს შვილს საწოლი ანიტას დედამ აჩუქა. ანიტა ყველამ იცის, სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა…
სოციალური დახმარებაა ჩვენი შემოსავალი, 130 ლარი გვერიცხება. ეს შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია და ელექტროენერგიის საფასურს მაღალს ვიხდით.

მაგალითად ამ თვის დახმარებით, 50 ლარი შუქის თანხა, 5 ლიტრი რძე, 10 კილო კარტოფილი და 10 კილო პურის ფქვილი მომივიდა. ორ დღეში ისევ შიმშილს დავიწყებთ.
ბავშვი მეუბნება, ოღონდ ქუჩაში მოწყალებისათვის არ გახვიდე და გავძლებ მშიერიო. ვერ ვმუშაობ, ჩემი სახლი ვერ დამილაგებია ხარისხიანად ჩემი სიბრმავის გამო და სხვას რაში ვჭირდები?
ჩემი პატარა გურამი ახლა იწყებს კონტაქტში შემოსვლას. შიშის გამო, არც კი გველაპარაკებოდა. ერთი ცემის შემდეგ, გაჩუმდა და თვეები ასე იყო. მასწავლებლისთვის უთქვამს, მაისაია არ ვარ, დედის გვარით მომიხსენიეთო.
ჩემი წამალი 90 ლარი ღირს. მე რომ მხედველობას მივხედო, მაშინ ჩემს შვილს ზეთი და პური არ უნდა ჰქონდეს. ეს როგორ გავაკეთო? თვეში ერთი კვირა მაინც აქვს საჭმელი ჩემი მედიკამენტის არყიდვის ხარჯზე…
დაგიკავშირდით იმიტომ, რომ კეთილ ადამიანებს დახმარება ვთხოვო. ჩემს პატარა ბიჭს ჩუსტი აღარ აქვს, დაეხა. რაც ტანსაცმელი გვაქვს და არც პროდუქტი. იქნებ ვისაც აქვს შესაძლებლობა, გამოგვეხმაურონ.
სანაცვლოდ მათ ვერაფერს ვპიდები, მაგრამ იქნებ ამ მადლისთვის უფალმა ხელი მოუმართოს.“- ამბობს მაყვალა თუმანიშვილი.

























