
ოჯახური თუ გენდერული ძალადობა ყველა დროის აქტუალური თემაა. საქართველოში კი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყეს. დღეს უკვე ძალადობაზე საუბრობს საზოგადოებისთვის უცნობი და კარგად ნაცნობი სახეები.
მანამდე კი, ძალადობას ალბათ, ისეთივე დიდი ისტორია ჰქონდა, როგორც – კაცობრიობას. თუმცა, იყო დუმილის დიდი ხანა. ოჯახური სკანდალები ტაბუირებული თემა იყო, ქალებს არწმუნებდნენ, რომ ძალადობაზე საუბარი სირცხვილი იყო, რომ მსხვერპლის მანტიით იქამდე უნდა ეცხოვრათ, სანამ მოძალადესთან სიკვდილი არ დააშორებდა და ა.შ.
სტატისტიკიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე არც ისაა გასაკვირი, რომ სიტყვა მოძალადე ავტომატურად მამაკაცთან ასოცირდება ისე, როგორც სიტყვა მსხვერპლთან ქალი. თუმცა, გვავიწყდება, რომ ძალადობას არ აქვს სქესი. არსებობენ ქალი მოძალადეები და არსებობს კაცი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია.
.ახლა, “პრაიმტაიმი” სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლ მამაკაცთა მოკლე ისტორიებს მოგითხრობთ:
ისტორია N1 – ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი
ნიკა 32 წლის კაცია. 3 წლის წინ საყვარელ ქალზე იქორწინა. წყვილს შორის უთანხმოება მალევე ჩამოვარდა – საქმე ნიკას მშობლების ქონებას ეხებოდა. ნინო მოითხოვდა, რომ ნიკას მშობლებს უფრო დიდი ბინა ეჩუქებინათ, მაგრამ ქმარი ეწინააღმდეგებოდა და მშობლებს ამ საკითხზე არ ესაუბრებოდა.
კონფლიქტი ნიკასა და ნინოს შორის გამძაფრდა და წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. ნინომ სასამართლოს მიმართა, თუმცა სანამ სასამართლოში განქორწინების პროცედურებს დაიწყებდა, ბანკს მიაკითხა, 40 000 ლარის ოდენობის კრედიტი აიღო და სასამართლოზე მოძრავ თუ უძრავ ქონების გაყოფასთან ერთად კრედიტის გაყოფაც მოითხოვა და ნიკას 20 000 ლარის გადახდა დაევალა, როგორც თანაცხოვრების პერიოდში მოხმარებული თანხა. ნიკამ სასამართლოზე ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მას აღნიშნული კრედიტიდან არც უსარგებლია და არც იცოდა, რომ ცოლს ბანკიდან ვალი ჰქონდა აღებული…
ისტორია N 2 – ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი კაცი
29 წლის გელა ერთ წელზე მეტია, რაც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა. მისი მეუღლე კი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ამდენიმე ხანია, ოჯახის საჭიროებებს ელენე აფინანსებს. გელამ კი, ბავშვის მოვლა და საოჯახო საქმეების შესრულება იტვირთა. თითქოს როლები გადანაწილდა, მაგრამ სამსახურიდან მოსული ცოლი ეუბნება, რომ ის უსაქმური და მუქთახორაა, დიასახლისს ეძახის მეგობრების წრეში და ემუქრება, რომ თუ პროტესტს გამოხატავს, იმ დღეს საჭმელს ვეღარ მიირთმევს.
გელა თავს ძალიან დამცირებულად გრძნობს და ცდილობს, სამსახურიდან დაბრუნებული ცოლისგან თავი შორს დაიჭიროს. ამბობს, რომ ჩაიკეტა, რცხვენია თავისი და მეუღლის მეგობრების. თვლის, რომ სუსტი კაცია და ხშირად, ტირის…
ისტორია N 3 – ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი
მიშა 24 წლისაა, 2 წლის წინ დაქორწინდა. ამბობს, რომ სანამ შეყვარებულები იყვნენ, მარიამი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ძალიან ეკლესიურად ცხოვრობდა და ეკლესიის აქტიური წევრი იყო. მარიამი განათლებული გოგოა და მასთან საუბარი ძალიან მომწონდა, თვისებების გამო კი, მიყვარდა, თან ძალიან ლამაზი არისო, ამბობს აწ უკვე ყოფილი ქმარი.
თუმცა, როცა წყვილი კამათობდა ან ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია ჰქონდა, მარიამი წყობიდან მარტივად გამოდიოდა და ისტერიულ ყვირილს იწყებდა, თან ნივთებს ამსხვრევდა. მათ შორის უკანასკნელი კონფლიქტი განშორებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა – მარიამმა როცა სკამი ვერ გატეხა, ქმარს ჩაარტყა. ეს მიშასთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა და სახლიდან წავიდა…






















