10:44 | 2021-07-24 ავტორი: თამარ გონგაძე

„ძალიან გვინდა, რომ თემური ახსოვდეთ სულ“ – რა მოხდება თემურ წიკლაურისადმი მიძღვნილ საღამოებზე

„ძალიან გვინდა, რომ თემური ახსოვდეთ სულ“ – რა მოხდება თემურ წიკლაურისადმი მიძღვნილ საღამოებზე

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ქუთაისსა (7 აგვისტოს) და თელავში (10 აგვისტოს), თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი კონცერტი ჩატარდება.

 

კონცერტში ძველი ივერიელები მონაწილეობენ, მათ შორის: ორი ჯუჯა, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, დათო აბულაძე, თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში, ქეთი წიკლაური. საღამოებს ბესო ჩუბინიძე წაიყვანს.

 

ნუგზარ კვაშალი: – გავიხსენებთ თემურს მისივე პოპულარული სიმღერებით, ვიდეომასალებით, მიუზიკლებით, ისტორიებით… ვიმღერებთ მისი მეგობრები.

 

ათი წლის წინ, როდესაც თემური ავად იყო და ისრაელში მკურნალობდა, “ჩხიკვთა ქორწილში” გურამ ჯაშმა შეცვალა და ის იყო არწივი. ის გაიხსენებს ამ ისტორიას. თემურის შეცვლა არც ისე ადვილი იყო, შეუძლებელიც იყო.

 

„ვეღარ ვუძლებ... უბრალოდ, მინდა შენთან!..
2021-07-23„ვეღარ ვუძლებ... უბრალოდ, მინდა შენთან!.." - ზურა ბაკურაძის მეუღლე ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

 

შვილის გადარცვალების შემდეგ, ხანდახან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდა, ხან ყელი აწუხებდა, ხან რა და ხან – რა. ეს უბედურება რომ არ შეყროდა, ხუთ-ექვს წელს კიდევ გაქაჩავდა…

 

ქეთი მამის ორ საყვარელ სიმღერას შეასრულებს, მათ შორის “იმედს”, პოპულარულ სიმღერას, რომელიც ბევრჯერ შესრულებულა. ამ სიმღერას ქეთი ბაკურციხელ ბიჭთან, გიორგი კიკონიშვილთან ერთად იმღერებს. გიორგი ადრე თემურის იმიტაციას აკეთებდა. ხმის ტემბრით და ფერებით ბაძავდა და თემურს ის ძალიან მოსწონდა.

 

გვინდა ეს ორი კონცერტი იყოს იმის საწყისი, რომ თემურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები ყველა დიდ ქალაქში ჩავატაროთ. ძალიან გვინდა, რომ თემური ახსოვდეთ სულ.

 

მსგავსად პატრიოტული სიმღერების და სამშობლოზე ასე შეყვარებული მომღერალი, მე მეორე არ მეგულება.

 

 

ახლა თემურის ოჯახი მის მშობლიურ კოჯორშია. როგორც ქეთიმ გვითხრა, საფლავზე მამის სკულპტურას მალე დადგამენ.

 

ქეთი წიკლაური: – ჯერ ისევ გვიმძიმს მამის არყოფნა. მწარედ ვგრძნობთ იმას, რომ ჩვენთან არ არის. გვენატრება და გვაკლია.

 

სულ რომ მე დამავიწყდეს საკუთარი მამა, ქუჩაში ამის საშუალებას არ მაძლევენ. მანქანებიდან მისი სიმღერები მესმის, ინტერნეტში – ყველგან ვხვდები. თავისივე შემოქმედებით თითქოს ისევ აქ არის.

 

კოჯორში ვართ. სახლში, სადაც მამა დაიბადა და გაიზარდა. ვაკეთებთ საფლავს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან გაგვიჭიანურდა. ჩაკეტილი იყო საზღვარი, სკულპტურისთვის მასალას ველოდებოდით.

 

მამას სკულპტურაზე მოქანდაკე ელიზბარ სააკაძემ იმუშავა. უკვე დასრულებულია და მისი დამონტაჟება ამ დღეებში დაიწყება.

ავტორი: თამარ გონგაძე

X