
ხათუნა ჟორდანია თავის უმძიმეს დაავადებაზე გადაცემა „პროფილში“ საუბრობს.
„პირველი ეტაპი დავამთავრეთ მკურნალობის და ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე მოველოდი“, – ამბობს ის.
მისი თქმით, მან შარშან ზაფხულში გაიგო, რომ სიმსივნე სჭირდა.
„ზაფხულში შარშან ძალიან მახველებდა, ვერ ვსუნთქავდი და დიდხანს ვითმენდი, არ მიყვარს ექიმებთან სიარული და ვიფიქრე თავისით გამივლიდა. ნინიმ მანქანაში ჩამისვა და აღმოვჩნდი არაჩვეულებრივ ექიმთან.
ექიმმა მითხრა, რომ რაღაც არ მოსწონდა და ბიოფსია უნდა გამეკეთებინა და ეს რომ მითხრა დავიწყე ტირილი. ჩემს ძმას და ნინის ექიმმა უთხრა, რომ ეჭვი ჰქონდათ სიმსივნეზე.
ერთადერთი ამ დაავადების მეშინოდა. არასდროს სიკვდილზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ დიდხანს ვიცოცხლებ.
ამ ბრძოლაში ყველაზე მძიმეა ქიმიოთერაპიის შემდგომ როცა ცუდად ვარ. ძალიან მიჭირს სიარული, თუმცა ისე ვუყურებ, რომ ამას გავივლი“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.























