20:43 | 2020-05-04 ავტორი: Prime Time

ძირტკბილა, დათვის ნაღველი… – ხალხური მედიცინა კორონავირუსის წინააღმდეგ

ძირტკბილა, დათვის ნაღველი… – ხალხური მედიცინა კორონავირუსის წინააღმდეგ

სახლში მკურნალობის პროტოკოლი ჩვენთანაც ამოქმედდა

COVID19-თან 4-თვიანი ბრძოლის გამოცდილება მედიკოსებს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას უკვე აძლევს. მათი დიდი ნაწილი ახალი კორონავირუსის არცთუ საგანგაშო თვისებებზე ალაპარაკდა და მასთან ერთად თანაცხოვრების პერსპექტივას გვიანონსებს.

 

ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში, დაავადებულთა უმეტესობა დაახლოებით ორ კვირაში იკურნება. შესაბამისად, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც სახლში მკურნალობის ალგორითმი აქტიურად მოქმედებს.

 

ამერიკის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები (დოქტორ ჯული ვაიშამპაიანის განცხადება) მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში დარჩნენ და სვან ძალიან ბევრი სითხე. როგორც დოქტორი ვაიშამპაიანი აღნიშნავს: „ამასობაში იმუნური სისტემა თავის საქმეს გააკეთებს და ორგანიზმს გამოაჯანმრთელებს“.

 

ვიტამინების მიღებით იმუნიტეტის გაძლიერებას ხშირად გვირჩევენ ქართველი ექიმებიც.

 

კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

 

პროტოკოლის მიხედვით, პაციენტი სახლში დარჩება თუ: ჰყავს შესაბამისი მზრუნველი პირი ოჯახში; აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.„ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა.

 

იქიდან გამომდინარე, რომ 80% მიმდინარე COVID ინფექციის არის მსუბუქი ფორმის, ასეთი პაციენტების მკურნალობა მოხდება შინ, ან საკარანტინო ზონებში“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იმპროვიზაცია და კომბინირებული მკურნალობის ეფექტი კოვიდის წინააღმდეგ

 

ვაქცინის, ან ზუსტი პრეპარატის აღმოჩენამდე, მეცნიერებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა მკურნალობის დამტკიცებული მეთოდის გარეშე მოუხდათ, რამაც მათ იმპროვიზაციის საშუალება მისცა. ექიმების განმარტებით, შესწავლის სტადიაში მყოფი დაახლოებით 12 მედიკამენტიდან (ერთ-ერთი პრეპარატის „რემდესივირის“ეფექტიანობა უკვე დაადასტურა აშშ-ს მთავრობამ), ვერცერთი ვერ უზრუნველყოფს განკურნებას მძიმე პაციენტების შემთხვევაში, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობას.

 

ჩინეთში დაწყებული ეპიდემიის პირველივე დღეებიდან, მთელი მსოფლიოს მედიკოსებს აინტერესებდათ როგორ ებრძოდა ჩინეთი უცნობ ვირუსს. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ჩინელი მეცნიერები ეფექტიანი მეთოდის ძიებაში მძიმე პაციენტების სამკურნალოდ სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდს, მათ შორის, ჩინურ ხალხურ მედიცინასაც იყენებდნენ.

 

ამ მხრივ, თანამედროვე მეცნიერებისთვის სიურპირიზი იყო ბრიტანულ „ბიბისი“-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩინელმა ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ, ანტივირუსულ მედიკამენტებთან კომბინაციაში, ძირტკბილას (ლათ. Glycyrrhiza glabra ინგ. Licorice, Liquorice, Sweet რუს.Солодка, Лакрица) ფესვები გამოიყენეს.

 

ცნობილია, რომ ძირტკბილა აჩქარებს ლიმფური სითხის მოძრაობას ორგანიზმში, წმენდს ორგანიზმს და შესაბამისად, ამაღლებს იმუნიტეტს. ასევე, გამოიყენება სპაზმის მომხსნელ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა კედლების გამამკვრივებელ საშუალებად.

 

აპრილის თვეში, ისევ „ბიბისიმ“ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ჩინეთში,ახალი კორონავირუსით დაავადებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უკეთებენ ინექციას, რომლის შემადგენლობაში შედის დათვის ნაღველი და სხვადასხვა ბალახის ნაყენი.

 

„ბიბისის“ ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ მკურნალობის ამ მეთოდის ლიცენზიაც გასცა. აღნიშნული ინექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ არავის წარმოუდგენია, თუმცა ცნობილია, რომ დათვის ნაღველს ჩინურ ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებენ.

 

ასევე, ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის დასამარცხებლად გამოიყენეს კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანის პლაზმაში აღმოჩენილი ანტისხეულები. ამ მიღწევის შესახებ მედიაში გავრცელდა ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ჩჟან დინიუის განცხადება.

 

ჩინეთის კლინიკებში გამოიყენეს ოზონოთერაპია (ინტრავენური გადასხმა, პაციენტის სისხლის ოზონით – სამატომიანი ჟანგბადით გაჯერება), რომელიც დღეს ევროპაშიც ჩართეს კორონავირუსთან ბრძოლის სქემებში.

 

კერძოდ, იტალიამ და ესპანეთმა ოზონოთერაპია დაუშვა როგორც დამხმარე საშუალება კორონავირუსის მკურნალობაში. მედიკოსები ელოდებიან, რომ ცოტა ხანში ჩინელებიც გამოაქვეყნებენ ამ მხრივ თავიანთი დაკვირვების შედეგებს.

 

მანამდე კი მსოფლიო მედიაში წერენ, რომ ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტთა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის რიცხვს.

 

საქართველოში პირველად, Covid 19-ით დაავადებულთა მკურნალობაში ოზონოთერაპია ბათუმში, ჰოსპიტალ „მედალფაში“ გამოიყენეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მეთოდი 4 პაციენტთან მოსინჯეს, რომელთაგან 3 მეცხრე დღეს გამოჯანმრთელდა და საკმაოდ მძიმე პნევმონიაც ალაგდა.

 

ამ ეტაპზე, კლინიკაში დაბეჯითებით ვერ ამბობენ, რა ხარისხით შეუწყო ხელი ოზონოთერაპიამ პაციენტთა გამოჯანმრთელებას, რადგან ისინი პარალელურად ანტივირუსულ მედიკამენტებსაც იღებდნენ.

 

ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ჩართო ოზონოთერაპია კრონავირუსის მკურნალობაში. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ის აიკრძალა აშშ-ში.

 

ოფიციალური ვერსიით, აკრძალვა ოზონოთერაპიის პანაცეად წარმოჩენის და მასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის მიზნით მოხდა და არა იმიტომ, რომ მეთოდი არაეფექტურია.

 

ქირქილი ხალხურ მედიცინაზე და იგივე მექანიზმისთვის გაცემული ნობელის პრემია

 

ხალხური მედიცინა მსოფლიოში ფარმაკოლოგიური კომპანიებისა და მათ მიერ „წახალისებული“ სამედიცინო წრეებისაგან დიდ წნეხს განიცდის. აქტიურად ხდება მისი მნიშვნელოვანი გამოწვევებისგან დისტანცირება, რისთვისაც დისკრედიტაციის სხვადასხვა ფორმები გამოიყენება. საბედნიეროდ, ხალხური მედიცინის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, ტიბეტი…) გავლენა ამ სფეროზე, გარკვეულწილად ანეიტრალებს ბულინგს.

 

საქართველო მსოფლიო მედიცინის ლეგენდების -კოლხი მედეას, მისი მამიდების: ჰეკატესა და პანაცეას სამშობლოა, რომლებიც მედიტაციისა და ბალახებით წამლობის (იგივე ფიტოთერაპიის) უნიკალურ ცოდნას ფლობდნენ.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოში ამ უძველესი დარგის მიმართ ქირქილი არ ეუხერხულებათ.

 

ამგვარ დამოკიდებულებას, 2018 წელს, მსოფლიო დონეზე გადაასხა ცივი წყალი „ნობელის“ კომისიამ, როდესაც მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა ორ იმუნოლოგს, ამერიკელ ჯეიმს ელისონსა და იაპონელ ტასუკი ჰონიოს. მათი წარმდგენი ინსტიტუტის (კაროლინსკას) განცხადებაში წერია:

 

ეს ნობელის პრემია აღნიშნავს გარღვევას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიცინის დარგში ორი ლაურეატის აღმოჩენა იყენებს იმუნური სისტემის შესაძლებლობას, შეტევა მიიტანოს კიბოს უჯრედებზე, იმუნურ უჯრედებზე მუხრუჭის მოხსნით.

 

უფრო გარკვევით, რომ ვთქვათ, ელისონმა და ჰონიომ შეისწავლეს ცილა, რომელიც ამუხრუჭებს იმუნურ სისტემას და დაადგინეს ამ მუხრუჭის მოხსნის შესაძლებლობა.

 

ამ მიგნებამ გააჩინა ცილაზე ზემოქმედების პერსპექტივა, რის შემდეგაც თავისუფლდება იმუნური სისტემა და ორგანიზმს საშუალება ეძლევა იერიში მიიტანოს დაავადებაზე.

 

რა კავშირშია ეს აღმოჩენა ხალხურ მედიცინასთან? ამ კითხვაზე პასუხს ფიტოთერაპევტები ძალიან მარტივად პასუხობენ.

 

იმუნიტეტზე „მუხრუჭის“ მოხსნას ამ აღმოჩენამდეც წარმატებით ახერხებდნენ სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდების მიმდევრები და ამ „სასწაულების“ გამო ისინი, აღიარებასთან ერთად, მედიკოსთა და ფარმაკოლოგთა მხრიდან იერიშისაც იღებდნენ.

 

ზუსტად იგივეს ამბობდა წლების წინ ქართველი ფიტოთერაპევტი რუსუდან ლომიძე (წლების წინ გარდაიცვალა). ამბობდა, ჩემი ბალახები კიბოს კი არ კურნავს, ორგანიზმის იმუნიტეტს ათავისუფლებს სხვადასხვა პრობლემისგან, აძლიერებს მას და შემდეგ, ორგანიზმი თვითონ ებრძვის ნებისმიერ დაავადებასო.

 

ფოტოთერაპევტი განკურნების ან სტადიის შემსუბუქების მაგალითებს ფრიდონ თოდუას კლინიკაში კომპიუტერული კვლევებით ადასტურებდა და შემდეგ ამაზე ხმამაღლა საუბრობდა.

 

რა თქმა უნდა მედიკოსთა დიდი ნაწილი ქირქილებდა, მაგრამ იყვნენ ონკოლოგები, რომლებიც პაციენტებს ქიმიოთერაპიასთან ერთად მისი წამლების მიღებასაც ურჩევდნენ.

 

1997 წელს,70 წელს გადაცილებული ქალი,ლონდონში, მთელი თვით წაიყვანა ერთ-ერთმა ბრიტანულმა კვლევითმა ინსტიტუტმა. როგორც თავად ამბობდა, მკურნალობის მეთოდები და წამლების შემადგენლობა აინტერესებდათ…

 

ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებით ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლის შესაძლებლობაზე გვესაუბრა მოქმედი ფიტოთერაპევტი (განათლებით ექიმი თერაპევტი) დავით ვაშაძეც:

 

– თუ პაციენტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად რაიმე ეფექტურ საშუალებას იღებს, იმუნური სისტემა უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევს ინფექციას,ხოლო თუ ხანგრძლივად შეინარჩუნებს ასეთ ბრძოლისუნარიანობას, მაშინ საბოლოოდ განდევნის მას ორგანიზმიდან.

 

ეს უმარტივესი სქემაა, რომელიც საუკუნეების წინ გაიაზრეს ადამიანებმა. წამალი ციდან არ ჩამოვარდნილა, მას ბუნება ქმნის. მცენარეული ნაერთები ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად აძლიერებს იმუნიტეტს.

 

– ჩინელებმა გამოიყენეს კომბინაციაში ხალხური მედიცინა. თქვენ ხომ არ გქონიათ შეხება ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან?

 

– არა, მაგრამ რომ მომეცეს საშუალება, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი შედეგი მექნება, თუნდაც, ყველაზე მძიმე პაციენტთან. რა თქმა უნდა კომბინირებულ მკურნალობას უკეთესი ეფექტი აქვს და ეს ჩინელებმა კარგად იციან. წარმომიდგენია ახლა ჩემს ნათქვამს რა ღლიცინი მოჰყვება ექიმებში.

 

ცნობისთვის, მსხვილმა კომპანიებმაც დაიწყეს მცენარეული წამლების წარმოება.

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

X