
ნიუ-იორკში, 18 წლის ქართველი ბიჭი, ჯაბა ადამია მოკლეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ადგილობრივი გამოცემა Daily News მომხდარის შესახებ დამატებით ცნობებს ავრცელებს.
ჯაბა ნიჭიერი მუსიკოსი იყო, რომლის ვიდეოებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და ოჯახის წევრები ინტერნეტში ხშირად აზიარებდნენ. მას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაც ემზადებოდა, თუმცა კვირას, ბრუკლინში, სახლთან ახლოს ადამიას თავს დაესხნენ და მოკლეს.
სამწუხაროდ, მკვლელი და მკვლელობის მოტივი უცნობია. ნიუ-იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თეთრკანიან მამაკაცს ეძებს.

ადამიას სასტიკ მკვლელობას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ხალხი და ჯაბას ახლო მეგობრები გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებდნენ. გავრცელდა არაერთი ფოტო და ვიდეო, სადაც ჯაბა ადამია მეგობრების გარემოცვაში თავის გიტრას უკრავდა.
„ძნელია იფიქრო, რომ აღარ ხარ და ვეღარასდროს გნახავ აქ, ან თბილისში”, – დაწერა „ფეისბუქში“ მოკლულის ბავშვობის მეგობარმა მარიამ ზარიძემ.
„მიყვარხარ და მენატრები ისევე, როგორც ბავშვობაში. არასდროს დამავიწყდები ჩემო თბილო და მხიარულო მეგობარო! მშვიდად განისვენოს შენმა მშვენიერმა სულმა”, – წერს კიდევ ერთი მეგობარი.
„სტატიას ბოლომდე ვერ ვკითხულობ. მეგონა, რომ ეს საშინელი ხუმრობაა. მშვიდად განისვენე ჩემი კარგო მეგობარო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯაბა ადამიას მეგობარმა, რომელმაც იქვე გამოაქვეყნა მათი ბავშვობის შავ-თეთრი ფოტოები.
„ყოველი დღე ბედნიერი და სასიხარულო იყო, როდესაც ერთად ვიყავით”, – წერს ჯაბას მეგობარი ნინი მამფორია Facebook– ზე.
„მინდა იცოდე, რომ მე ყოველთვის მემახსოვრები, არასოდეს დაგივიწყებ”, – წერენ მოკლულის ახლობლები.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილება ყოველკვირეულ აღწერას არ ატარებს, ადამიანთა მკვლელობის და დაჭრების რაოდენობასთან დაკავშირებით, NYPD-ის ვებ-გვერდი, მაინც აჩვენებს, რომ მსგავსი კრიმინალური შემთხვევები ქალაქში განსაკუთრებით მზარდია.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















