
ოკუპირებულ აფხაზეთში, მდინარე გეგაში ჩავარდნილ რუს ტურისტს ეძებენ. თათრეთის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დარია მანასოვა 6 ივნისს, ბზიფის ხეობის ერთ-ერთ მდინარეზე გადებულ უჯებირო ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც იგი წყალში ჩავარდა და დინებამ წაიღო.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველია ჩართული, თუმცა, გაუჩინარებული ტურისტის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი წვიმების გამო, ბზიფის ხეობაში მდინარეების დონემ მკვეთრად იმატა.
ავტორი: თეა შონია























