
„1 წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა და აღნიშნა , რომ ჯანდაცვის სერვისების სტრატეგიული შესყიდვები, მონიტორინგი და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუციის შექმნა ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია.
“ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარად მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. შედარებისთვის, თუ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მლნ.ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის, დავალიანება იქნება არაუმეტეს 160მლნ.ლარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






















