
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა. ამის შესახებ მინისტრმა „მოამბეში“ განაცხადა.
„სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















