
სოციალურ ქსელში უქმეებზე გადაღებული თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური კაფის ფოტოები გავრცელდა.
ადგილზე უამრავი ახალგაზრდაა თავმოყრილი, არ არის დისტანცია დაცული და ყველა პირბადის გარეშეა.
ამან საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და გაჩნდა კითხვები, მაშინ რატომ არის ქორწილი და სხვა სახის რიტუალი აკრძალული.

ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.
„მსგავსი ღონისძიებები უნდა იყოს ჰიგიენის და ინფექციის დაცვით უზრუნველყოფილი.
ყველამ უნდა დაიცვას რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამონაკლისი არ უნდა იყოს, გამორიცხულია.
სადაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის დაცვა ბუნებრივია, იქ პირბადის ტარებაა სავალდებულო.
ქორწილი და დაბადების დღე ნიღაბთან ერთად, წარმოუდგენელია. ამას ვერავინ შეასრულებს.
იგივე ეხება „ფაბრიკასაც“ და ყველა საზოგადოების თავშეყრის ადგილს.
სადაც ადამიანები ორი მეტრის დისტანციას ვერ იცავენ, ნიღბის ტარება უნდა იყოს აუცილებელი“, – ამბობს კულუმბეგოვი.
მისივე განმარტებით, სააღდგომოდ ეკლესიამ კარგი მაგალითი მისცა საზოგადოებას, რაც ნამდვილად აღსანიშნავია.
„ეკლესიამ სააღდგომო რიტუალის დროს ძალიან კარგი მაგალითი მისცა ყველას. ჩემი პრინციპია, რომ ყოველთვის ვილაპარაკოთ სიმართლე.
ეკლესია იმიტომ იყო სამაგალითო, რომ არავითარი გავლენა ეპიდემიის მართვაზე არ მოუხდენია. იყო დისტანცია დაცული, იყვნენ პირბადეებით.
თუ ქვეყანა არის სეკულარული, კანონის წინაშე ყველა ვალდებულები ვართ, არავითარი გამონაკლისი არ არსებობს. არის შეზღუდვა? ყველასთვის შეზღუდვაა.
მარტო თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის. ადამიანს შეიძლება ტემპერატურა არ ჰქონდეს და ინფექცია მაინც გავრცელდეს. ძალიან დიდი რისკის შემცველია!“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, ქვეყანაში რამდენიმე სახის შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა კვლავ აკრძალულია.
გაიხსნა რესტორან-კაფეები, თუმცა სტუმარმა გარკვეული წესები უნდა გაითვალისწინოს: შესვლამდე თერმოსკრინინგის პროცედურა გაიაროს და 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვას.























