14:37 | 2020-04-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ეკონომიკური ცხოვრება 2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ – გიორგი გახარია

ეკონომიკური ცხოვრება 2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა.

 

მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

 

„ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

 

ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X