
ბარსელონას საგამოძიებო სასამართლომ აღმოაჩინა საუბარი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ გავლენიანმა ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“, ზახარია კალაშოვმა (შაქრო მოლოდოი) ესპანელ მოსამართლეებს ქრთამის სახით მნიშვნელოვანი თანხა გადაუხადა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Confidencial წყაროებზე დაყრდნობით იუწყება და იქვე აქვეყნებს სატელეფონო მიმოწერას.

ცნობილია, რომ ბარსელონას №1 საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელი ხოაკინ აგირე წარმართავს გამოძიებას კატალონიის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო დაფინანსებაზე. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ამოტივტივდა შაქრო კალაშოვის სახელი, რომელსაც ესპანური გამოცემა რუსული მაფიის ლიდერად მოიხსენიებს. კერძოდ, გამომძიებლებმა კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონ ხოსეპ ალეს ტელეფონში აღმოაჩინეს 2020 წლის 28 აგვისტოს მიმოწერა, რომელიც ასახავს ავტონომიის ყოფილი ლიდერის და მისი ადვოკატის გონსალო ბოიეს სმს-საუბარს. სწორედ ამ მიმოწერაშია მოხსენიებული შაქრო კალაშოვი.
მიმოწერის მიხედვით, პუჩდემონის ადვოკატი, ამტკიცებდა, რომ „კანონიერი ქურდი“, რომელიც 2006 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს, ესპანეთში ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი. ესპანეთში ექსტრადაციის შემდეგ კი კალაშოვმა დიდი თანხის სანაცვლოდ, ადვოკატის დახმარებით, სასამართლოში სასჯელის შემცირება მოახერხა.
„კანონიერი ქურდი“ ზახარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“ ამჟამად რუსეთის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის. შაქრო კალაშოვი 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 2000-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და იქ საკუთარი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.
ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მან მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.
ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, სადაც 2016 წელს საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში, სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ეს მდიდრული სასახლე ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეკუთვნის






















