14:27 | 2020-05-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ემიგრანტებს საქართველო ფულად დახმარებას სთავაზობს – რას ამბობენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები

ემიგრანტებს საქართველო ფულად დახმარებას სთავაზობს – რას ამბობენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემიგარნტების დახმარების მიზნით, საგრანტო პროექტი გამოაცხადა, რომელიც პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის მართვას ემსახურება.

 

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, Covid 19-ის გავრცელების შედეგად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტებისა და მათი ოჯახების დახმარება მოხდება.

 

დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი 750 000 ლარია. უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა თანხა, არაუმეტეს 20 000 ლარისა.

 

„პრაიმტაიმს“ იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი დაუკავშირდა. როგორც ხათუნა გვენეტაძე ამბობს, უმჯობესია, ეს თანხა საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებზე დაიხარჯოს.

 

 

„ჩვენთვის ეს თანხა არც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არც გვჭირდება. მართალია, თავზე არ გადაგვდის, მაგრამ არც ისე გვიჭირს, რომ ეს თანხა ავიღოთ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, მოგმართავთ ათეულობით პატრიოტი და წესიერი ქართველის სახელით.

 

ჩვენთვის დაცინვაა საქართველოდან გამოყოფილი თანხის შეთავაზება, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და შიმშილს ებრძვიან.

 

 

მინდა, ამ პროექტის ინიციატორს შევახსენო, რომ ჩვენი, ემიგრანტების გზავნილებზე დგას საქართველო.

 

როცა პანდემია მძვინვარებდა და აქ უპატრონოდ დარჩენილ ტურისტებსა და სტუდენტებს დახმარება სჭირდებოდა, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, მათ ვუპატრონეთ. სახლებში შევიფარეთ და ლუკმა გავუნაწილეთ.

 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხა, დღევანდელი კურსით, დაახლოებით 7 500 ევროა, რომელიც ასეულობით ემიგრანტისთვის არაფერი არ არის.

 

წყალში ამ თანხის გადაყრას, ჯობია ადგილობრივ შეჭირვებულებს დაეხმარონ. როგორც ვუვლიდით თავს და მანდ მყოფ ოჯახებს, ისევე ვუვლით ახლაც.

 

გასულ ზაფხულს რომ ჩამოვედი და შიმშილისგან დასუსტებული ჩემი სკოლის დამსახურებული პედაგოგი ვნახე, დიდი სტრესი მივიღე. აი, ასეთ ადამიანებზე გადაანაწილონ ეგ თანხა. ჩვენი პოზიცია ასეთია.

 

თანაც, უწყება ვერ გააკონტროლებს აქ და სხვა ქვეყნებში თანხის მიზნობრივ გადანაწილებას. არის ხარჯვის არამიზნობრივი რისკები.“ – ამბობს ხათუნა გვენეტაძე.

 

„პრაიმტაიმი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.

 

„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას
2020-05-19„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X