
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი, დავით კაკულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გახსენებისას პირდაპირ ეთერში ატირდა.
ჟურნალისტი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ახსენებს, რომ 7 აგვისტოს დილას საომარ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კოჭებამდე ტყვიები ეყარა.
„9 აგვისტო იყო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. გავიგეთ, რომ ჩვენმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი და პილოტი იყო გორის ჰოსპიტალში. მორგს ეძახდნენ, თუმცა ეს არ იყო ოფიციალური მორგი. თავდაცვას ვთხოვე და გადასაღებად შეგვიშვეს, ერთში პილოტი იწვა, ცალკე, გარდაცვლილი.
მარცხნივ იყვნენ დაღუპული ქართველი ჯარისკაცები.
ემოცია გამეთიშა, როცა პილოტის გადასაღებად შევედით. სამხედრო თემებზე მუშაობისას რაღაცები უნდა წაიკითხო. ვიცოდი, რომ ვისაც საბჭოთა სკოლა ჰქონდა გავლილი, ჰქონდათ წესი, რომ ამოეცნოთ პიროვნება, ჩაფხუტის შიგნიდან კაწრავდნენ გვარებს.
ჩაფხუტი სისხლიანი იყო, სისხლი ხელით გადავწმინდე და გვარი წავიკითხე. ამ დროს იქ სასულიერო პირი იყო, რომელმაც ჩვენს სამხედროებს წესი აუგო. ემოციურად იმიტომ ვიყავი, რომ სამხედროებს თეთრი ზეწრები ეფარათ და სისხლის წერტილები ეტყობოდა, ამოსაცნობად ოჯახის წევრები შეჰყავდათ. რამდენიმეს თავი ჰქონდა მოწყვეტილი აფეთქებისგან.
მოძღვარმა წესი რომ აუგო ქართველებს, შემოვიდა და დაიწყო რუსი სამხედროსთვის წესის აგება. მე და ოპერატორმა ერთდროულად ვკითხეთ, რას შვრები მამაოო, გვითხრა, რომ გასაგებია მტერია, გვესმის თქვენი ემოცია, მაგრამ ეს არის ღვთის შვილიო“, – იხსენებს დავით კაკულია.
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტის დავით კაკულიას ემოციური ინტერვიუ აგვისტოს ომის შესახებ
რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და ოპერატორები აგვისტოს ომში – დავით კაკულია, რამაზ უთრუგაშვილი, ლაშა მუმლაძე
Posted by Rustavi 2 on შაბათი, 08 აგვისტო, 2020























