
ემოციები ძალიან დიდი იყო, მთელი ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენს შვილს, მაგრამ ეს დიდი ემოციები შეიცვალა სიხარულით, წუთი წუთზე ველოდებით ჩვენს შვილს და დაგვიბრუნდება უვნებელი, – ამის შესახებ ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ განაცხადა.
„არ ველოდებოდით, არ ვიცოდით, როდის გათავისუფლდებოდა, იმედები კი იყო, რომ მალე გაათავისუფლებდნენ. დიდ მადლობას ვუხდით უწმინდესსა და უნეტარესს, აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილს, ყველას, ვინც ჩართული იყო“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.
ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















