
10 ივნისს, 20:00 საათზე დინამო ბათუმი-თელავის მატჩი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 2 ივნისიდან დაიწყო. ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა და ბილეთების შეძენა ბევრმა ადამიანმა ვერ მოახერხა.
ბილეთები ვერ შეიძინა ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებმა პატარებმა, რომლებიც დღეს აჭარის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს რეაბილიტირებულ მოედანზე შეხვდნენ და გამოთქვეს უკმაყოფილება ბილეთებთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძე ბავშვებს დაპირდა, რომ ისინი მატჩს მასთან ერთად დაესწრებიან.






















