10:23 | 2020-08-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ექიმები გვეუბნებიან, რომ დავამარცხეთ კორონა“ – მესტიაში პირველი ინფიცირებული ოჯახი უკვე განიკურნა?!

„ექიმები გვეუბნებიან, რომ დავამარცხეთ კორონა“ – მესტიაში პირველი ინფიცირებული ოჯახი უკვე განიკურნა?!

გვითხრეს, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა და განმეორებითი ტესტი როცა უარყოფითი მოვა, გაგვწერენ, – ამის შესახებ მესტიაში პირველი ინფიცირებული ოჯახის წევრი, თაია არღვლიანი აცხადებს.

 

„ოთხი დღეა საბურთალოს ინტენსიურ ბოქსირებულ პალატაში ვართ და უბრალოდ ველოდებით როდის დაგვტოვებს ვირუსი.

 

თავდაპირველი სიმპტომების მიუხედავად ეჭვიც კი არ მქონია, რომ მე კოვიდ-19-ით ინფიცირებული ვიყავი. თბილისიდან უსიმპტომოდ ჩამოვედი. თბილისში კი ვისთანაც შეხება მქონია, ყველას პასუხი უარყოფითია. ასევე ბავშვები მთელი დღე ვისთან ერთადაც თამაშობდნენ და საერთოდ, ყველა თბილისის ჩვენი კონტაქტი უარყოფითია.

 

ამიტომ, როცა მეკითხებიან პირველადი წყაროს დასადგენად ვისთან მქონდა კონტაქტი თბილისში, ვეუბნები რომ იქ ნუ ეძებენ… მე ვფიქრობ, რომ ვირუსი თბილისში არ შემხვდა. სვანეთში კი სიცხე რომ ჰქონიათ და აქვთ- არ ამბობენ, ერთ ამბავს ტეხავენო… ცხელების ცენტრიც არაა, რომ მიმართონ და ცდილობენ თავად იმკურნალონ. ჩვენც რომ დაგვემალა ეს ამბავი, ისე ჩაივლიდა-ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და ასე გადავიდოდა სხვაზე.

 

რას ჰყვება ქალი, რომელსაც მესტიაში ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ
2020-08-13რას ჰყვება ქალი, რომელსაც მესტიაში ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ

 

27 ივლისს ჩემმა დედამთილმა გამოიძახა სასწრაფო. არითმია ჰქონდა. მისი ეს ქცევა არ გაგვიკვირდა, რადგან მას აქვს ასთმა, C ჰეპატიტი და სხვა მძიმე დაავადებები.

 

ამის შემდეგ უკვე 28 ივლისს ჩემს მეუღლეს, მამუკა ილდანსაც აუწია სიცხემ. მითხრა მაციებსო და ჩაწვა, რომ ემკურნალა. მოუგონეს, რომ თითქოს ის ამას მალავდა, დადიოდა და არაფერს ამბობდაო. არა და ეს პერიოდი სულ იწვა და არსად გასულა.არც ჭკადუას გასვენებაში, არც წერედიანის-ლატალში. ბოდიშიც კი შევუთვალეთ. არც კვირიკობაზე წასულა და არც ადიშობაზე. იწვა 4 დღე, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა“, – აცხადებს თაია.

 

თაია არღვლიანის განცხადებით, მათი ოჯახის მისამართით უსამართლო კრიტიკა და ტალახის სროლა დაიწყეს, თუმცა ამბობს, რომ ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის.

 

„ჩემი დედამთილი, ამდენი დაავადების მქონე ადამიანი დაუსხლტა ამ ვირუსს, სხვა ხომ თავისთავად მარტივად გადაიტანს, როგორც მე მაგალითად… მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ძალიან ბევრი ტალახი ისროლეს, გეგონება მე ჩინეთში წავედი, ვიყიდე ვირუსი და ჩამოვიტანე. ადამიანს გარეგნულად არ ეტყობა, რომ ვირუსის მატარებელია და როგორ უნდა მიხვდე?! დარწმუნებული ვარ, ბევრმა გადაიტანა უკვე, როგორც მე გადავიტანე და გადაიტანს კიდეც. აქ საგანგაშო და ამდენი სალაპარაკო არაფერია.

 

სოფელია, სახლია, ეზო… პირუტყვი ჰყავთ ადგილობრივებს და ვერ დატოვებ უპატრონოდ. ამ ეტაპზე ძალიან ცუდი სიტუაციაა ლენჯერში. იქნებ დატოვონ ეს ხალხი თვითიზოლაციაში, რომ მიხედონ სახლ-კარს.

 

ჩემი ოჯახის მდგომარეობას კი კიდევ ხალხის მიერ აგორებული ჭორები ემატება. სირცხვილია ხალხნო, ნუ იგონებთ ამდენ ტყუილს!. არავინ იცის ხვალ და ზეგ ვინ რა სიტუაციაში მოხვდებით…
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აცხადებს ინფიცირებული „სვანეთინიუსთან“ საუბრისას.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X